სპეციალური პენიტენციური სამსახური სიცრუეს უწოდებს განცხადებებს, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადეკვატური სამედიცინო დახმარება არ მიეწოდება. მათი მტკიცებით, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობაა.

"პენიტენციური სამსახური სრულად უზრუნველყოფს მიხეილ სააკაშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მედიკამენტებით. თუმცა, იგი, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის მიუხედავად, საკუთარი გადაწყვეტილებით, არ იღებს მისთვის გათვალისწინებული პრეპარატების გარკვეულ ნაწილს.

მსჯავრდებული უზრუნველყოფილია სამჯერადი კვებით. დამატებით, მას აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს პენიტენციური დაწესებულების მაღაზიაში არსებული ფართო ჩამონათვალიდან კვების ნებისმიერი პროდუქტი. გარდა ამისა, იგი რეგულარულად იღებს ამანათებსაც. შესაბამისად, მსჯავრდებულისთვის სრულად ხელმისაწვდომია საკვების მრავალფეროვანი რაციონი", — ნათქვამია განცხადებაში.

პენიტენციურში ამბობენ იმასაც, რომ საპატიმროში გადაყვანის დღიდან სააკაშვილთან 788 ვიზიტორი იმყოფებოდა. ასევე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს ყოველდღიურად "სუფთა ჰაერზე ყოფნისა და გასეირნების უფლება აქვს", თუმცა ამ უფლებას საკუთარი გადაწყვეტილებით არ იყენებს.

"სრულად დაცულია მისი ყველა სხვა უფლება. შესაბამისად, აპელირება მისი უფლებების შესაძლო დარღვევაზე არის მანიპულაციური მეთოდით არსებული ვითარების მკვეთრად დამახინჯების მცდელობა", — აღნიშნავენ ისინი.

ამასთან, პენიტენციური ეხმაურება სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნასაც. როგორც უწყებაში ამბობენ, დასკვნის დანართი ომბუდსმენის გადაწყვეტილებით საჯარო არ არის. მათი თქმით, დოკუმენტი მსჯავრდებულის ჩივილებს, მიღებულ მედიკამენტებს, ექსპერტთა შთაბეჭდილებებსა და დამატებით რეკომენდაციებს მოიცავს. უწყების თქმით, პენიტენციურს აქვს კითხვები, რომელსაც სახალხო დამცველს მალე მიაწოდებენ.

"არგუმენტირებული პასუხის მიღების, გაანალიზებისა და პოზიციების დაზუსტების შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი მსჯავრდებულის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საჭიროების გათვალისწინებით და მსჯავრდებულის ინტერესების შეუფერხებლად დაცვის მიზნით, მოუწოდებს პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ", — ამბობენ ისინი.

გუშინ, 28 აპრილს ექსპრეზიდენტის ოჯახმა განაცხადა, რომ მთავრობას სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად დროს ორშაბათას, 2 მაისამდე აძლევენ. მათივე თქმით, ამავე მოთხოვნით ისინი ხელმოწერების შეგროვებასაც იწყებენ.

27 აპრილს სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრმა, ნევროლოგმა, თენგიზ წულაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, თუმცა ეს საკმარისი არაა. ნევროლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი ცილოვანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რასაც ცილოვანი შიმშილი მოსდევს. მისივე თქმით, ის ცილები, რომელიც სააკაშვილს არ მიეწოდება, ორგანოებისა და კუნთების დაშლას იწყებს.

20 აპრილს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე საუბრობდა, როდესაც განაცხადა, რომ შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა. მან მანდატურებს დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც დარბაზიდან გაიყვანეს. სააკაშვილი პროცესზე რამდენიმე წუთში დააბრუნეს.

ამავე თემაზე: