გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიხედვით, მსოფლიო "ქვიშის კრიზისის" წინაშეა. გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით მოსახლეობის რაოდენობა და ურბანიზაციის დონეები უწყვეტად იზრდება, დიდია მოთხოვნა შუშასა და ბეტონზეც, ამ უკანასკნელთა დასამზადებლად კი სწორედ ქვიშა გამოიყენება.

UNEP-ის ახალ მოხსენებას თუ დავეყრდნობით, ქვიშის იმ რაოდენობით, რომელსაც მსოფლიო წელიწადის განმავლობაში იყენებს, დაახლოებით 26-მეტრიანი სიმაღლისა და სიგანის კედელს ავაშენებდით მთელი პლანეტის გარშემო.

მიუხედავად იმისა, რომ წყლის შემდეგ ქვიშა მეორე ყველაზე ხშირად გამოყენებადი რესურსია, პროცესს თითქმის არავინ არეგულირებს. UNEP გვაფრთხილებს, რომ ქვიშას იმაზე სწრაფი ტემპით ვიყენებთ, ვიდრე ბუნებრივი პროცესები წარმოქმნის მას.

"მდგრადი განვითარებისათვის ძირეულად უნდა შევცვალოთ მეთოდები, თუ როგორ ვაწარმოებთ, ვაშენებთ და მოვიხმართ პროდუქტებს, ინფრასტრუქტურასა და სერვისებს", — განაცხადა პასკალ პედუციმ, UNEP-ის პროგრამის კოორდინატორმა — "ქვიშის რესურსები უსასრულო არაა და ბრძნულად უნდა გამოვიყენოთ".

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქვიშა უამრავი სახეობის საარსებო გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილია. შესაბამისად, მისი ჭარბი მოხმარება ბიომრავალფეროვნების შემცირებამდეც მიგვიყვანს.

ამ მოცემულობაში UNEP გვირჩევს, რომ ქვიშის ალტერნატივები გამოვიყენოთ, მაგალითად, დაფშხვნილი ქვა ან მაინინგის სხვა თანაპროდუქტები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქვიშის მოხმარების გასაკონტროლებლად გარკვეული დაწესებულება დაარსდეს.

"პრობლემა მხოლოდ გარკვეულ ადგილებს სულაც არ ექმნება", — განაცხადა ეკოლოგმა ავრორა ტორესმა — "ქვიშა ნებისმიერი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი მასალაა".

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.