ნენსი და მელვინ რუბენსები 1952 წელს სამხრეთ დაკოტაში დაქორწინდნენ, როცა ქალი 16 წლის იყო, ხოლო მელვინი 20 წლის. წყვილმა ახლახან ქორწინების 70 წლის იუბილე აღნიშნა, რომლის ფოტოებშიც ჩანს, რომ ნენსი იგივე საქორწინო კაბაში გამოეწყო, რომელიც 1952 წელს ეცვა.

წყვილის შვილიშვილის თქმით, სწორედ მისი იდეა იყო, რომ ბებიას ქორწინების 70 წლის იუბილეზე 1952 წლის საქორწინო კაბა ჩაეცვა. რაც შეეხება ბაბუას, შვილიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისთვის ის უნიფორმა შეერჩია, რომელიც მელვინს 1952 წელს კორეის ომში ეცვა.

ფოტო: Anna Behning

წყვილმა გაიხსენა, რომ ჯვრისწერა ადგილობრივ ეკლესიაში ჩატარდა, შემდეგ კი ეს ამბავი ეკლესიის სარდაფში აღნიშნეს. ნენსის თქმით, მას 35-დოლარიანი საქორწინო კაბა ეცვა, ხოლო მელვინს ზოლებიანი კოსტიუმი. მევინმა კი გაიხსენა, რომ დესერტად ნაყინი და გემრიელი ნამცხვრები ჰქონდათ.

70 წლის შემდეგ კი, როცა ნენსი 87 წლისაა და მისი ქმარი 91 წლის, წყვილმა ქორწინების იუბილე აღნიშნა. ნენსის თქმით, ამდენი წლის შემდეგ იგივე საქორწინო კაბის ჩაცმა ამაღელვებელი იყო, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ეს წლები მაქმანებიან კაბას დიდი სიფრთხილით უვლიდა.

ფოტო: Anna Behning

"ეს კაბა ჩემთვის განსაკუთრებული იყო და ძალიან მიყვარდა, ამიტომაც წლების განმავლობაში კარგად ვუვლიდი. საქორწინო კაბის ხელახლა ჩაცმა ძალიან კარგი გრძნობა იყო, რადგან ჩვენი ქორწილი გავიხსენეთ და ფოტოსესიაც სახალისო გამოვიდა", — განაცხადა ნენსიმ. მელვინის თქმით კი, წლისთავისთვის შერჩეულმა სამოსმა ტკბილი მოგონებები გაახსენა.