საქართველო ევროკავშირის წევრობის კითხვარს ევროკომისიას ორშაბათს, 2 მაისს გადასცემს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, კომისიაზე მიმდინარე ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, კითხვარის შევსებაში მონაწილეობა კი ყველა სახელმწიფო უწყებამ მიიღო.

"მინდა გაცნობოთ, რომ დღეს ჩვენ კომიისიის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად განვიხილეთ აღნიშნული საკითხი, აღნიშნული კითხვარის პირველი ნაწილი მომზადდა, ყველა სახელმწიფო უწყების მხრიდან ძალიან აქტიური ჩართულობით უზარმაზარი. სამუშაო გაიწია და საქართველოს მთავრობა ორშაბათს ევროკომისიას გადასცემს კითხვარის პირველ ნაწილს, რომელიც გადმოგვეცა დასამუშავებლად", — განაცხადა მან.

დარჩიაშვილის განცხადებით, კითხვარის მეორე ნაწილი ტექნიკური და სპეციფიკურია, ის დაახლოებით 2300 კითხვისგან შედგება და მასზე ყველა სახელმწიფო უწყება მუშაობს.

"დადგენილი ვადები აღნიშნული დოკუმენტის გაზიარების ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან არის 13 მაისი. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ბოლო ნაწილი ამ კითხვარზე, რაც შეიძლება მალე, პირველ რიგში დავასრულოთ მუშაობა და და შემდეგ გავუზიაროთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს", — თქვა მან.

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კომისიაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კითხვარის მეორე ნაწილი დღეს გასაჯაროვდეს. კითხვაზე, გასაჯაროვდება თუ არა კითხვარის პასუხები, დარჩიაშვილი ამბობს, რომ "საჯაროობის ნაწილში მხოლოდ კითხვარით შემოიფარგლებიან" და დასძენს, რომ იქ არის საკითხები, რომლის გასაჯაროებაც მიზანშეწონილი არ არის.

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კითხვარი დღეს, 11 აპრილს გადასცეს. ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაზე განაცხადს ხელი 3 მარტს მოაწერა.