გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერითა და სტარტაპ ბიუროს ორგანიზებით, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის შესახებ PechaKucha Night Tbilisi-ს მე-17 ღონისძიება, 30 აპრილს გაიმართება.

ღონისძიების მიმდინარეობისას ICT ინდუსტრიაში დასაქმებული 6 სპიკერი ქალი აუდიტორიას იმ გამოწვევებზე მოუყვება, რომელსაც გოგოები საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში აწყდებიან. არაფორმალურ გამოსვლებში ისინი დამსწრეებს საკუთარ ისტორიებსა და ბარიერების დაძლევის შთამბეჭდავ ამბებსაც გაუზიარებენ. სპეციალური სტუმრის სტატუსით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ბიზნესმენტორი და ტექნოლოგიური ინდუსტრიის ტრენერი ლინდა პერეირა, რომელიც არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. იგი აუდიტორიას ბიზნესში წარმატების მიღწევის 5 სტრატეგიას გააცნობს.

PechaKucha Night Tbilisi Vol. 17 საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში გოგოების ჩართულობის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. თარიღის აღნიშვნის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ სფეროში ქალებისა და გოგოების თანაბარი კარიერული შესაძლებლობებით უზრუნველყოფა.

საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების წახალისებასა და ხელშეწყობას გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით, 2019 წლიდან ახორციელებს. PechaKucha Night-ის მხარდაჭერაც სწორედ ამ ძალისხმევის ნაწილია.

PechaKucha Nights არის შეხვედრების სივრცე, რომლის დახმარებითაც ინოვატორები, მეწარმეები და ცვლილებების ინიციატორები აუდიტორიას საკუთარ იდეებსა და პროექტებზე უყვებიან. ტოკიოში, 2003 წელს, ახალგაზრდა დიზაინერების მიერ წამოწყებული ღონისძიება დღეს უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში იმართება. საქართველოში PechaKucha Nights 2011 წლიდან ტარდება.

PechaKucha Night Tbilisi Vol. 17-ის პარტნიორები არიან: ლიბერთი, ფრიდრიხ ნიუმანის ფონდი თავისუფლებისთვის სამხრეთ კავკასია და THE Crossroads. ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით.