ახალი კვლევის თანახმად, კოსმოსური მისიების ფარგლებში მარსზე გაგზავნილი ასტრონავტები წითელი პლანეტის ეკვატორის მიმდებარედ მზის ენერგიას უფრო ეფექტიანად გამოიყენებენ, ვიდრე ბირთვულს. კერძოდ, ფოტოვოლტური სისტემები საჭირო ენერგიით 6 ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟის უზრუნველყოფას სრულფასოვნად შეძლებს.

მსგავს სისტემებს NASA ჩვენს მეზობელ ციურ სხეულზე გაშვებული აპარატების მეშვეობით უკვე დიდი ხანია, წარმატებით ცდის. მათ იყენებს/იყენებდა მარსმავალები Opportunity და Spirit, დასაშვები მოდული InSight და სხვა. ამ მისიებმა აჩვენა, რომ მზის პანელები მტვრით მარტივად იფარება, თუმცა ასტრონავტები მათ გასუფთავებას უპრობლემოდ მოახერხებენ.

მტვრით დაფარული მზის პანელები InSight-ზე.

ფოტო: NASA

მეცნიერთა მიერ შექმნილი მოდელის მიხედვით, წითელი პლანეტის ეკვატორის მახლობლად მზის ინტენსივობა და ზედაპირის ტემპერატურა ბევრად მომგებიანი ენერგოწარმოების შესაძლებლობას მოგვცემს, ვიდრე ბირთვული რეაქტორები. მზის სხივები, ელექტრობის დახმარებით, წყლის მოლეკულებს ჟანგბადად და წყალბადად დაშლის. ამ უკანასკნელს სპეციალურ ჰერმეტულ ავზებში შეინახავენ, მისი ელექტროფიკაციის გზით კი ენერგიას გამოიმუშავებენ. დარჩენილი მარაგით სასასუქე ამიაკის წარმოქმნა მცენარეების გასაზრდელადაა გამოსადეგი.

გამოცემაში Frontiers in Astronomy and Space Sciences გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა ისიც დაადგინეს, რომ მარსის პოლუსებზე პირიქით, ბირთვული სისტემები უფრო ეფექტიანი იქნება, მაგრამ იქაური მკაცრი პირობების გაძლება ადამიანებს გაუჭირდებათ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.