იტალიის საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ტრადიციის გაუქმება სურს, რომლის მიხედვითაც ყველა ახალშობილს ავტომატურად მამის გვარს ანიჭებენ. ამის სანაცვლოდ, იტალიის სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ახალშობილს ორივე მშობლის გვარი მიენიჭოს.

სასამართლოს თქმით, ახალშობილისთვის მამის გვარის მინიჭების პრაქტიკა "დისკრიმინაციულია და ბავშვის იდენტობისთვისაც საზიანოა", ამიტომ შვილისთვის ორივე მშობელს უნდა შეეძლოს გვარის შერჩევა.

სასამართლოს განცხადებაში ისიცაა ნათქვამი, რომ თუ მშობლები ერთ გვარზე შეთანხმებიან, მაშინ ბავშვისთვის ორივე გვარის მინიჭება აღარ გახდება საჭირო. ამ გადაწყვეტილების განხორციელებას ახალი კანონმდებლობა სჭირდება, რომელიც პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.

იტალიელი მინისტრის, ელენა ბონეტის განცხადებით, მთავრობა სასამართლოს გადაწყვეტილებას მხარს უჭერს. მინისტრმა ისიც დასძინა, რომ მშობლებმა ბავშვის აღზრდაზეც თანაბარი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში პაპმა ფრანცისკემ და იტალიის სხვა ლიდერებმა ქვეყანაში შობადობის შემცირებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს. ამის მთავარ ფაქტორად კი ოჯახების ფინანსური მდგომარეობა სახელდება.