WhatsApp-ის ბლოგი, სახელად WABetaInfo, მომხმარებლებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს, რადგან არაერთი მომხმარებელი აღნიშნავს, რომ ყალბი შეტყობინებები მისდის. ისინი ვიზუალურად ტექნიკური მხარდაჭერის მიერ გამოგზავნილს წააგავს და ინფორმაციის გამოძალვას ემსახურება.

ერთი შეხედვით, ტექსტური შეტყობინება ისე გამოიყურება, თითქოს ტექნიკური მხარდაჭერის მიერ იყოს გამოგზავნილი. თაღლითები მომხმარებლებს ინფორმაციის გაცემას სთხოვენ და ეუბნებიან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში მათი ანგარიში წაიშლება, შედეგად კი საკრედიტო ბარათების ინფორმაციას ანდა კოდებს სძალავენ, რათა მათ ანგარიშებში შეაღწიონ.

გამომდინარე იქიდან, რომ შეტყობინებაში WhatsApp-ის ლოგოსაც დაინახავთ გვერდით ავთენტურობის დამადასტურებელი ნიშნით, შესაძლოა, რეალურისგან მისი გარჩევა გაგიჭირდეთ, თუმცა ერთი განსხვავება მაინცაა: კონტაქტის სახელის გვერდით, რეალური ანგარიშისაგან განსხვავებით, მას მწვანე წერტილი არ აქვს. ამის ნაცვლად, იგი პირდაპირ პროფილის ფოტოზეა გამოსახული.

ფოტო: WABetaInfo

როგორც WABetaInfo-ზეა აღნიშნული, რეალურისა და ყალბის გარჩევაში კიდევ ის დაგეხმარებათ, რომ WhatsApp თქვენი საკრედიტო ბარათის ინფორმაციას ან პინ-კოდს არასოდეს მოითხოვს.

Manchester Evening News-ის უწყებით, WhatsApp გვირჩევს, რომ ასეთი ტექსტური შეტყობინების მიღების შემთხვევაში იგი აუცილებლად წავშალოთ, გამომგზავნის ნომერი კი დავბლოკოთ. ამასთანავე, დაუშვებელია პლატფორმაზე ვინმესათვის, მათ შორის, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისათვის, პირადი ინფორმაციის გადაცემა. დამატებითი უსაფრთხოებისათვის შეგიძლიათ, ორფაქტორიანი შემოწმება დააყენოთ, რომლის საშუალებითაც თქვენს ანგარიშს უცხო ადამიანების წვდომისაგან დაიცავთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.