YouTube-მა ახლახან Shorts-ზე რეკლამების გამოცდა დაიწყო. იგი მოკლე ვიდეოებისათვის განკუთვნილი ფუნქციაა, რომელიც კოპანიამ 2020 წელს გაგვაცნო. Shorts-ის მაგვარი შემოთავაზება TikTok-სა და Instagram-ზეც გვხვდება.

Google-ის მთავარი ბიზნეს ოფიცრის, ფილიპ შინდლერის, თქმით, კომპანია კონკრეტულად აპლიკაციებისა და სხვა სახის რეკლამებზე ატარებს ექსპერიმენტს.

"შემოსავლების ზრდის კუთხით პატარა დაბრკოლებებს ვაწყდებით, რადგან Shorts-ის ნახვები YouTube-ის მთლიან დროსთან თანაფარდობით იმატებს", — განაცხადა Alphabet-ის მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა, რუთ პორატმა — "მონეტიზაციას Shorts-ებზე ვცდით, სარეკლამო აგენტთა გამოხმაურება და უკუკავშირი კი იმედისმომცემია".

Google-ის მიხედვით, YouTube-ის Shorts დღიურად 30 მილიარდ ნახვას აგროვებს, რაც გასული წლის მონაცემებზე ოთხჯერ მეტია. ამასობაში YouTube-ის სარეკლამო შემოსავალი გაიზარდა და 6.86 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა ანალიტიკოსთა მოლოდინები ამ მაჩვენებელს აღემატება.

აღსანიშნავია ისიც, რომ YouTube-მა გასულ წელს Shorts-ების კრეატორებისათვის 100 მილიონ დოლარიანი დაფინანსებაც გამოყო იმ იმედით, რომ მათ პლატფორმაზე მოიზიდავდა. YouTube-მა აგვისტოში გვამცნო ისიც, რომ პოპულარული ვიდეოების შემქმნელებს თვეში 10 ათას დოლარამდე გადაუხდიდნენ.

როგორც ჩანს, კომპანიას Shorts-ების მომგებიანად გამოყენებისათვის არაერთი გეგმა აქვს, ამის შედეგებს კი დრო გვიჩვენებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.