სახალხო დამცველის ინიციატივით შექმნილი ექიმთა კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ციხეში ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, თუმცა ეს საკმარისი არაა. ნევროლოგის თქმით, ექსპრეზიდენტი ცილოვანი საკვების მიღებაზე უარს ამბობს, რასაც ცილოვანი შიმშილი მოსდევს.

"მართლია ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ როგორც ჩანს, ეს გარემო არ არის საკმარისი იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. მათ შორის, ვერ ხდება შეთანხმება პაციენტსა და ციხის სამედიცინო პერსონალს შორის და ის შეგნებულად თუ შეუგნებლად უარს ამბობს ამ ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს, საბოლოო ჯამში, ცილოვანი შიმშილი", — ამბობს წულაძე.

მისივე თქმით, ის ცილები, რომელიც სააკაშვილს არ მიეწოდება, ორგანოებისა და კუნთების დაშლას იწყებს.

"ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს, ანუ ის ცილები, რომელიც მას არ მიეწოდება გარედან, იწვევს ორგანოების და კუნთების დაშლას, რის საშუალებით იღებს ამ ცილებს, შესაბამისად კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს და ადამიანის მდგომარეობა ამიტომაა გაუარესებული. ჩვენი აზრით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს რეზისტენტული პოსტტრამვული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება.

ამჟამად ის იღებს თავისი რეგულარულად მოხმარებადი ნორმის კალორიის დაახლოებით 1/4-დან 1/3-მდე, 600-800 კალორიამდედღეში, რომელშიც, პრაქტიკულად, ცილა არ შედის და ცილოვანი შიმშილის ფონზე კუნთის მასა მკვეთრად შემცირებულია. ასევე არის წამოდგომის დროს წნევის ვარდნა წამოდგომისას, გონების დაკარგვა არა, მაგრამ მისი წინარე მდგომარეობა. შესაძლებელია და მოსალოდნელია, მოჰყვეს გონების დაკარგვა მოჰყვეს ამ ამბავს", — განაცხადა ექიმმა.

ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებულია. მისი თქმით, არაერთი მიმართვის მიუხედავად, პენიტენციურიდან რეაგირება არ არის.

20 აპრილს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე საუბრობდა, როდესაც განაცხადა, რომ შეუძლოდ გახდა და ექიმის დახმარება ითხოვა. მან მანდატურებს დახმარება სთხოვა, რის შემდეგაც დარბაზიდან გაიყვანეს. სააკაშვილი პროცესზე რამდენიმე წუთში დააბრუნეს.