ტრანსგენდერი ქალი მარია On.ge-სთან საუბარში ჰყვება, რომ შსს-მ მისი ორი მეგობარი დააკავა მას შემდეგ, რაც მათ ბინას ქვები დაუშინეს, შემდეგ კი ათობით ადამიანი შეიკრიბა, იქ მაცხოვრებელი ტრანსგენდერი ადამიანების გასახლების მოთხოვნით.

მისი თქმით, ერთ-ერთი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ ადვოკატის გარეშე ოქმზე ხელის მოწერა არ უნდოდა: "ჩემს მეგობრებს პოლიციელებმა სცემეს დაკავებისას და ამის კადრებიც გვაქვს".

როგორც დაზარალებული ჰყვება, პირველ მაისს, საღამოს იგი თავის ოთხ მეგობარ ტრანსგენდერ ქალთან ერთად იმყოფებოდა, როცა სამმა პირმა, ტრანსფობიურ ნიადაგზე ქვები დაუშინა მათ სახლს:

"ჩვენ მათ დავუძეხეთ, რომ ქვებს ნუ ისროდნენ და დავემუქრეთ საპატრულო პოლიციას გამოძახებით. მათ კი გვითხრეს, ამოვალთ და დაგჩეხავთო. სანამ პატრული მოვიდოდა, ამოვიდნენ და კარზე მუშტებს დარტყმა და გინება დაიწყეს. როდესაც პატრული დაინახეს გაიქცნენ. პოლიციამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა. იმ ტიპებს არ იჭერდნენ. მათ მეზობლები ჩამოიყვანეს და 250-300 კაცამდე შეიკრიბა".

დაზარალებული ტრანსგენდერი ჰყვება, რომ ამ წუთებში, მათ ბინასთან ათობით ადამიანია შეკრებილი, მათ შორის, ადგილზეა საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი:

"მეზობლები აპირებენ, რომ საჩივარი დაწერონ და გაგვასახლონ აქედან".

შინაგან საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ დაკავებული პირების რაოდენობას და აცხადებენ, რომ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით, რამდენიმე პირია დაკავებული.

ხოლო, მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.