პარტია ლელო პარლამენტში პრემიერმინისტრის მისვლას მოითხოვს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ინტერპელაციის წესის თანახმად, პრემიერმინისტრი ვალდებულია გამოცხადდეს პარლამენტში.

პარტიამ ირაკლი ღარიბაშვილი საკანონმდებლო ორგანოში მას შემდეგ დაიბა, რაც ინტერნეტში, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილისა და რუსი ოლიგარქის საუბარი გავრცელდა, სადაც პრემიერმინისტრიცაა ნახსენები.

"ჩვენი ინტერპელაციის შეკითხვა შეეხება ძალიან კონკრეტულ საკითხს. რა ადმინისტრაციული და სამართლებრივი ნაბიჯები და ღონისძიებები გადაიდგა ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ მოხდეს რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდება. ინტერპელაციის წესის თანახმად, პრემიერმინისტრი ვალდებულია, გამოცხადდეს პარლამენტში, ამიტომ ღარიბაშვილს ძალიან გაუჭირდება თავი აარიდოს ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემას", — ამბობს სამადაშვილი ფორმულასთან.

საქართველოს კონსტიტუციის 43-ე მუხლის მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციას, პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს ინტერპელაციის წესით შეკითხვით მიმართოს მთავრობას, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ სხვა ორგანოს, მთავრობის წევრს, რომელიც ვალდებულია უპასუხოს დასმულ შეკითხვას პარლამენტის სხდომაზე. პასუხი შეიძლება გახდეს პარლამენტის განხილვის საგანი.

25 აპრილს ინტერნეტში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი გავრცელდა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ.

აღსანიშნია, რომ ევტოშენკოვმა ფორმულასთან ინტერვიუში დაადასტურა, რომ უზდენოვი ღარიბაშვილს შეხვდა, თუმცა ამტკიცებს, თითქოს მათ "დასვენებასთან დაკავშირებით ისაუბრეს".

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანი განცხადებით კი რუსი ოლიგარქი ვლადიმირ ევტუშენკოვის წარმომადგენელი, ალი უზდენოვი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ შეხვედრია. მისი თქმით, ის ღარიბაშვილმა ბიზნესწრეებთან გადაამისამართა.

გავრცელებული ჩანაწერების შემდეგ, უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამა ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება განიხილონ. მისი თქმით, "ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან".