გასული წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფილმი ქლოა ჭაოს მომთაბარეთა მიწა იყო. ის გვიყვება ქალის შესახებ, რომელიც შეერთებული შტატების გარშემო ფურგონით სამოგზაუროდ მას შემდეგ ადგება გზას, რაც ყველაფერს დაკარგავს. ფილმი იკვლევს მომთაბარეობას როგორც ბუნებასთან დაკავშირებისა და ცხოვრების საზრისის აღმოჩენის გზას. მას მაყურებელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან ბოლო პერიოდია, დასავლურ აზროვნებაში ისედაც შეინიშნებოდა გარდატეხა, რომელიც გადაადგილების ღირებულებას ახლებურად აფასებს. ის, რომ მომთაბარეთა მიწა დღევანდელობისთვის ერთობ აქტუალურ საკითხებს ეხება, იმითაც აშკარავდება, რომ მან არაერთი ჯილდო დაიმსახურა.

ცხოვრების მოხეტიალე წესის პოპულარიზაციაში დიდი წვლილი ციფრულ მომთაბარეთა მოძრაობას მიუძღვის, მასში ის დისტანციურად მომუშავე ადამიანები შედიან, რომლებიც ტრადიციული საოფისე სამუშაოსგან გათავისუფლდნენ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ მუდმივად მოძრაობაში ყოფნისადმი ინტერესმა თავის პიკს პანდემიის კვალდაკვალ, იმ გლობალური კრიზისისას მიაღწია, რომელმაც ხანგრძლივი ჩაკეტილობა, მასობრივი უმუშევრობა და საყვარელი ადამიანების დაკარგვა განგვაცდევინა. ამ პრობლემათა შერწყმამ ბევრ ადამიანს აიძულა, რომ ახლიდან გადაეაზრებინა წარმოდგენები იმაზე, თუ რას ნიშნავს ხალისი და სრულფასოვანი ცხოვრება.

მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმი, მომთაბარეთა მიწა მოხეტიალე ცხოვრების წესზე ჰყვება.

ფოტო: Alamy

სოციალურ ქსელებისთვის თვალის გადავლებაც საკმარისია, რათა ეს შეცვლილი დამოკიდებულება დავინახოთ. ჩესკა ფორდი და ბენ ბირნი ბევრთაგან ორნი არიან, რომლებმაც თავიანთი ცხოვრების წესი მჯდომარიდან მომთაბარეთი შეცვალეს. 2019 წელს მათ გადაწყვიტეს, წამოსულიყვნენ სამსახურებიდან, მიეტოვებინათ მუდმივი საცხოვრებლები და აეხდინათ საზიარო ოცნება, ემოგზაურათ სრული დატვირთვით. ასე რომ, მათ ფურგონი იყიდეს და ის შემდგომი რამდენიმე თვის განმავლობაში თავიანთ პატარა, ბორბლებზე შემომდგარ სახლად გარდაქმნეს, რომელსაც სიყვარულით სოფიას ეძახიან.

ახლა ისინი ციფრული მომთაბარეები არიან, რომლებიც ევროპაში მოგზაურობენ და თავიანთ გზას #vanlife ჰეშთეგის ქვეშ აღბეჭდავენ. ჰეშთეგი იმ ადამიანების მიერ შექმნილ მასალას აერთიანებს, რომლებიც ფურგონით თუ მანქანით მოგზაურობენ და ზოგჯერ ცხოვრობენ კიდეც იქ. ფორდისა და ბირნის იუთუბის არხს, Overlandind Sophia, 55 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს, ვიდეოებმა კი უკვე 7 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვეს.

"მიდრეკილება მიგრაციისკენ, ძებნისკენ, მოგზაურობაში წასვლის სურვილი ჩვენში ღრმადაა გამჯდარო, ის არსებითი და ინსტინქტურია"

ფელიქს მარკარდტი, მწერალი

"არ არის აუცილებელი, დაამთავრო უნივერსიტეტი, იმუშაო ცხრიდან ხუთამდე, დაიტვირთო იპოთეკით, ერთსა და იმავე ქალაქში 15-20 წელი გაიჭედო და ელოდო, სანამ პენსიაზე გახვალ", — ამბობს ბირნი, — "შეგიძლია, გქონდეს ბედნიერი, თავისუფალი ცხოვრება და წახვიდე იქ, სადაც გინდა; აკეთო ის, რაც გინდა და მაშინ, როცა გინდა". ან როგორც ფორდი ამბობს, "არსებობს იმ ცხოვრების წესის ალტერნატივა, რომელსაც ბავშვობიდან გვთავაზობენ".

მართალია, მოხეტიალე ცხოვრების წესის მიმართ უცებ გაჩენილი ინტერესი ახალი ჩანს, ნომადობის ფილოსოფია ანტიკური წარმომავლობისაა. "მიდრეკილება მიგრაციისკენ, ძებნისკენ, მოგზაურობაში წასვლის სურვილი ჩვენში ღრმადაა გამჯდარი, ის არსებითი და ინსტინქტურია", — წერს ფელიქს მარკარდტი თავის წიგნში, ახალი ნომადები: როგორ აქცევს მიგრაციის მოძრაობა სამყაროს უკეთეს ადგილად, — "ანატომიურად თანამედროვე ადამიანს დედამიწაზე ყოფნის 98% მომთაბარედ აქვს გატარებული. საკუთარი სიცოცხლის იმ სოფელში ან ქალაქში გატარება, სადაც დაიბადე, შედარებით ახალი, ანომალიური ფენომენია".

დაახლოებით 12 ათასი წლის წინ ადამიანები პატარა, მომთაბარე ტომებად გადაადგილდებოდნენ საკვებად ვარგისი მცენარეებისა იმ და ცხოველების ძიებაში, რომლების მონადირებასაც შეძლებდნენ. მათი გადაადგილების ხასიათს თავიდან ბოლომდე ბუნება განსაზღვრავდა: ისინი ნაყოფიერი მიწების მოსაძებნად ან შტორმებისა და მტაცებლებისგან თავის დასაღწევად იცვლიდნენ ადგილმდებარეობას.

ხშირად გამოყენებული ჰეშთეგი, #vanlife, იმ ადამიანთა ცხოვრების აღმწერ მასალას აერთიანებს, რომლებიც "ახალი ნომადების" სახელით არიან ცნობილი.

ფოტო: Overlanding Sophia

მიწათმოქმედებისა და ცხოველების მოშინაურების განვითარებამ, რაც ნეოლითური რევოლუციის სახელითაა ცნობილი, მეტად მუდმივი დასახლებების ჩამოყალიბება განაპირობა, რადგან ადამიანებმა მონადირეობა-შემგროვებლობა მეცხოველეობით შეცვალეს. ერთ ადგილზე ცხოვრებამ და მეურნეობის განვითარებამ საბოლოო ჯამში მოსახლეობის ზრდა, ძალაუფლების ცენტრალიზება და ცივილიზაციის ჩამოყალიბება განაპირობა, რაც დიდი ხანია, სახელმწიფოების უძრავ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთანაა დაკავშირებული.

ჩიტივით თავისუფალი

ისტორიის განმავლობაში რამდენიმე საზოგადოებამ შეინარჩუნა თავისი მომთაბარე ცხოვრების წესი — და ზოგიერთ შემთხვევაში ეს მათთვის ძალიან სასიკეთოც აღმოჩნდა. მომთაბარე სკვითები, რომლებიც ძვ.წ. მეხუთე საუკუნეში ჰეროდოტემ აღწერა, კლასიკური ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ცხენოსანი მეომრები იყვნენ. მათ დახვეწილი შეიარაღება ჰქონდათ და ყველასთვის ძლიერი მოწინააღმდეგეები იყვნენ. ამ პერიოდის ჩვენამდე შემორჩენილ ექსპონატებს შორისაა ძვ.წ. მეოთხე-მესამე საუკუნეებით დათარიღებული ქამრის ოქროს ბალთა, რომელზეც ხის ჩრდილში თავიანთ ცხენებთან ერთად დასასვენებლად შემდგარი სკვითები არიან გამოსახული. სკვითები ვაგონებში ცხოვრობდნენ და ჩვენთვის არც ლიტერატურა, არც ავეჯი და არც სახლები დაუტოვებიათ. სიკვდილის შემდეგ ისინი, როგორც წესი, მათარებისა და ხის თასების მსგავს მცირე ზომის ნივთებთან ერთად იმარხებოდნენ.

მეთორმეტე საუკუნეში კი მონღოლებმა ისტორიაში ყველაზე დიდი სახმელეთო იმპერია შექმნეს, რომელიც თავისი ზეობის ხანაში თანამედროვე სამხრეთ რუსეთისა და უკრაინის ტერიტორიიდან სამხრეთ ჩინეთამდე იყო გადაჭიმული. "დიდი დედაქალაქების მქონე, ყველაზე უმოძრაო, აგრარულ ცხოვრების წესზე დაყრდნობილ იმპერიებში მომთაბარეებს მეამბოხეებად და სახელმწიფო წყობილების მტრებად განიხილავდნენ", — ამბობს ისტორიკოსი მარია ფავერო, რომელიც წიგნის, ურდო: როგორ შეცვალეს მონღოლებმა მსოფლიო, ავტორია. ანტიკურ მომთაბარე ცივილიზაციებზე ფავეროს კვლევები ცვლის იმ ნეგატიურ დამოკიდებულებას, რომელიც ტრადიციულ ისტორიაში მოძრავი საზოგადოებების მიმართ არსებობს.

ძვ.წ. მეხუთე საუკუნის სკვითები მეომრები და ჩვენთვის ცნობილი ერთ-ერთი პირველი მომთაბარეები იყვნენ.

"თუ გსურთ, რომ მომთაბარეები იკვლიოთ, ეს საკმაოდ რთული საქმეა, რადგან თქვენ იყენებთ მასალას, რომელიც, ძირითადად, ერთ ადგილზე მცხოვრები პირების მიერაა მოწოდებული — იმ პირების მიერ, რომელთაც არ ესმოდათ და ეშინოდათ კიდეც ნომადების, რადგან მათ ბუნებასთან და საკუთრების ცნებასთან ძალიან განსხვავებული დამოკიდებულება ჰქონდათ", — აღნიშნავს ფევერო, — "მაგრამ ისინი უკიდურესად კომპლექსური, რთული საზოგადოებები იყვნენ, რომლებმაც პოლიტიკური სტაბილურობა მოძრაობაში იპოვეს და მზად იყვნენ, სხვა კულტურების ელემენტებიც შეეთვისებინათ".

ანტიკურმა ცრურწმენამ იმის თაობაზე, თითქოს მომთაბარეები, უძრავ სახელმწიფოებთან შედარებით, მდაბიო, ნაკლებად განვითარებული საზოგადოებები იყვნენ, საუკუნოვან დისკრიმინაციასთან და, რიგ შემთხვევებში, ძალადობრივ შედეგებთანაც მიგვიყვანა. ისეთი მოგზაური ჯგუფები, როგორიც რომა ხალხია, მეორე მსოფლიო ომის დროს ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდნენ. ამასთანავე, ისეთ ახლო წარსულში, როგორიც 1970-1980-იანი წლებია, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილში ისინი იძულებითი სტერილიზაციის მსხვერპლი გახდნენ.

ახალი ნომადის ავტორი, მარკარდტი საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მოხეტიალე ცხოვრების წესის მიმართ: "არც ისე დიდი ხნის წინ მომთაბარე, ძირითადად, ასოცირდებოდა მაწანწალასთან, მოხეტიალესთან, უსახლკაროსთან და ყველაფერ იმასთან, რაც დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებ თეთრკანიან მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებდა. ახლა კი მასიური ცვლილება მოხდა — მომთაბარეობა ერთგვარ სტატუსის სიმბოლოდ იქცა".

მომთაბარეობის ანტიკური ფილოსოფიის ფესვები არა მაინცდამაინც მიგრაციაში, არამედ მსოფლმხედველობაში უნდა ვეძიოთ.

ლიტერატურასა და ხელოვნებაში დიდი ხანია, რომანტიზებულია ის ნარატივი, რომელშიც მომთაბარე ფიგურები მთავარი მოქმედი პერსონაჟები არიან. ბევრი გავლენიანი ტექსტი გვიამბობს მოგზაურობასა და ამ მოგზაურობისას ნასწავლ გაკვეთილებზე. ჰომეროსის ოდისეაში გმირი ოდისევსი 10 წლის განმავლობაში მოგზაურობს იმისათვის, რომ, ტროას ომიდან წამოსული, სახლში დაბრუნდეს და ითაკის სამეფო ტახტი დაიბრუნოს. რომანტიზმის მიმდინარეობის შიგნით მომთაბარე ფიგურა დიდი პატივისცემით სარგებლობდა როგორც მხატვრობაში, ასევე პოეზიაში. ეს საუკეთესოდ კასპარ დევიდ ფრიდრიხის უკვდავ ნახატში, მოხეტიალე ნისლის ზღვის თავზე, აისახა. ის კლდის მწვერვალზე ჩვენგან ზურგით მდგარ მოგზაურს გვიჩვენებს, რომელიც ვრცელ პეიზაჟს გადაჰყურებს.

უფრო თანამედროვე მაგალითებიდან აღსანიშნავია ბრუს ჩეთვინის სიმღერის ხაზები — ავსტრალიის აბორიგენ მოსახლეობაზე დაწერილი წიგნი, რომელიც ხეტიალის მიმართ ადამიანის მიდრეკილებას იკვლევს. ნომადობას ნაკლებად არომანტიზებს კორმაკ მაკკარტის სისხლის მერიდიანი, რომელშიც მეცხრამეტე საუკუნის შუა წლების შეერთებული შტატების დასავლეთ ტერიტორიაზე მომთაბარე, სკალპებზე მონადირეთა ჯგუფის შესახებ გვიყვება და რომელშიც ამერიკის საზღვრები ყველასთვის სასტიკ ადგილადაა დასახული.

რალფ უალდო ემერსონი და მისი შეგირდი, ჰენრი დევიდ თორო ტრანსცენდენტურ ფილოსოფიას იზიარებდნენ, რომელიც ხაზს უსვამს ადამიანის კავშირს ბუნებასთან და საკუთარი თავის იმედად ყოფნის, თავგადასავლისა და აღმოჩენის მნიშვნელობას. ისინი საკუთარი საზღვრების დაძლევის ღირებულებაზე საუბრობდნენ და სწამდათ, რომ საზოგადოება და მისი ინსტიტუციები არსებითად კორუმპირებული იყო, რის გამოც იზოლაციასა და ბუნებასთან სიახლოვეს ეძიებდნენ.

სპარსულ ტილოზე გამოსახული მონღოლები, რომლებიც მაღალგანვითარებულ მომთაბარე ჯგუფს შეადგენდნენ.

ფოტო: Getty Images

ეს იდეალები დღესაც ცენტრალური თემაა იმ მრავალი ამერიკული ამბისთვის, სადაც მოხეტიალე გმირი წარმოდგენილია როგორც კოვბოი ან დასავლეთის მიწების აღმომჩენი თუ ახალმოსახლე. ფილმებისა და მხატვრული ლიტერატურის გმირები ხშირად არიან წარმოდგენილი მოგზაურობაში, რომელმაც ისინი საბოლოოდ უნდა მიიყვანოს "ბედისწერის აღსრულებამდე" (manifest destiny) — ეს ფრაზა 1845 წელს შემოიღეს იმ იდეის აღსაწერად, თითქოს შეერთებული შტატები მოწოდებულია (ღმერთის მიერ — თუ ამ მოსაზრების დამცველებს დავუჯერებთ), რომ საკუთარი ძალაუფლება მთლიან ჩრდილო ამერიკის კონტინენტზე განავრცოს.

მეოცე საუკუნის კლასიკა, როგორებიცაა ჯონ კრაკაუერის ველურ გარემოში და ჯეკ კერუაკის გზაზე, მომთაბარეს ხატავს განსწავლულ მეამბოხედ, რომელსაც არ სურს ურბანული წესით ცხოვრება. მათ ალტერნატიულ კულტურაში ღრმად ჩაბეჭდეს მოხეტიალე მოგზაურის სახე. კერუაკის ბიტნიკურ ფილოსოფიაში ვხვდებით ტრადიციული ოჯახის უარყოფას, ფოკუსს ინდივიდუალურ თავისუფლებაზე და წინააღმდეგობას საზოგადოებისა და ინსტიტუციების მიმართ — ეს ის იდეებია, რომლებიც 1960-იანი წლების კონტრკულტურული მოძრაობების წინაპირობად იქცა. გზაზე ბიტნიკური ლიტერატურის ტიპური მაგალითია, რომელიც შეერთებულ შტატებსა და მექსიკაში მოგზაურობის ამბავში თავისუფლებისა და კონფორმიზმის უარყოფის იდეალებს აქსოვს. ხეტიალში ცხოვრების მნიშვნელობის აღმოჩენა წიგნის ცენტრალური თემაა, ხოლო მოგზაურობა შინაგანი საზრისის ძებნის მანიფესტაციაა. კერუაკის სამყაროში ძიება, სიცოცხლის წყურვილი და ახალი გამოცდილებები გათავისუფლების გასაღებია.

ედვარდ ების უდაბნოს განდეგილი 1968 წლის მანიფესტია თანამედროვე მომთაბარე ფილოსოფიის შესახებ. მასში ავტორი საჯაროდ ამბობს უარს იმაზე, რასაც თავად ყოველდღიური, ურბანული ცხოვრების აუტანელ თვისებებს უწოდეს. მათ შორისაა "შინაური რუტინა (ერთი და იგივე ცოლი ყოველ ღამით), სულელური და უვარგისი დამამცირებელი სამსახურები, არჩეული მმართველების აუტანელი ქედმაღლობა, ბიზნესმენების მოხერხებული ტყუილები და ცრუ რეკლამები, საზიზღარი ომები, რომლებშიც საკუთარ მეგობრებს ვხოცავთ იმის ნაცვლად, რომ დედაქალაქში დარჩენილ ნამდვილ მტრებს ვებრძოლოთ, სიბინძურისგან დაავადებული, მახინჯი ქალაქები, რომლებშიც ვცხოვრობთ, სარეცხი მანქანების, ავტომობილების, ტელევიზორებისა და ტელეფონების მუდმივი, საცოდავი ტირანია!"

მოხეტიალე ცხოვრების წესით მცხოვრებთა წინააღმდეგ არსებული ცრურწმენებით ჯერ კიდევ გაჯერებულია დასავლური ყოველდღიურობა. თუმცა მომთაბარეობის რომანტიზებული იდეა ოცდამეერთე საუკუნის პოპკულტურაში სულ უფრო მეტად ასოცირდება მინიმალიზმთან, თვითდაჯერებულობასთან, ემანსიპაციასთან და საკუთარი თავის აღმოჩენასთან. საკუთარი სახლის იმ მიზნით მიტოვების იდეა, რათა გზაზე თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას მისდიო, წინა თაობებისთვის მხოლოდ შორეული ოცნება თუ შეიძლებოდა ყოფილიყო. სოციალური მედიის ეპოქაში კი ის უფრო და უფრო ხელშესახები და ნაკლებად ექსტრემალური ხდება. ბეთ ჯონსტოუნი, რომელიც ინსტაგრამზე @sheisthelostgirl სახელითაა ცნობილი, მომთაბარედ და #vanlifer-ად უკვე შვიდი წელია, ცხოვრობს. მისი თქმით, ცხოვრების ეს წესი ხელმისაწვდომი ჩანს, რადგან ადამიანები "ახალ იდეებსა და ცხოვრების ახალ შესაძლებლობებს" ეკრანზე თითის ერთი ასრიალებით პოულობენ.

რომანტიკოსები პატივს სცემდნენ ხეტიალს და მომთაბარე პერსონაჟებს, როგორც ამას კასპარ დევიდ ფრიდრიხის ნახატში, მოხეტიალე ნისლის ზღვის თავზე, ვხედავთ.

ფოტო: Getty Images

"როდესაც ჩემს პირველ მანქანაში, van dwelling-ში ვცხოვრობდი, ცხოვრების ინსტაგრამზე გატანა შეუძლებელი იყო. ეს ყველაფერი უსახლკარობად აღიქმებოდა", — ჰყვება ჯონსტოუნი, — "ახალა კი ცხოვრების ამ წესს van life-ის იარლიყი მიეკერა, რომელიც ტრენდულად და ფუფუნების სიმბოლოდაა მიჩნეული. თუმცა რეალობა ძველებურად უკავშირდება ცივ გარე შხაპებს, გადასატანი ტუალეტის დაცლას და ყინულიან ფანჯრებთან გაღვიძებას".

სოციალური მედიის თვისება, ლამაზად შეფუთოს ადამიანთა გამოცდილება, ხაზს უსვამს თანამედროვე მომთაბარეობის ყველაზე კინემატოგრაფიულ ასპექტებს და მდიდრული მოგზაურობის მომთაბარეობის ნამდვილ ფილოსოფიასა და პრინციპებთან შერწყმას გვთავაზობს. "ეს მხოლოდ გეოგრაფიულ ხეტიალს არ მოიცავს", — აღნიშნავს მაკარდტი, — "ის, ამასთან, ადგილის, მიკუთვნებულობის, საზოგადოებისა და განათლების შესახებაცაა. მომთაბარეობა ნაცნობის მიღმა გასვლა და განსხვავებულის აღმოჩენაა".

ბირნის სიტყვებით, მოხეტიალე ცხოვრება მხოლოდ "მზის სხივები და ზღვის სანაპიროები არ არის". ის უდიდეს მსხვერპლს მოითხოვს არა მხოლოდ მატერიალური ქონების თვალსაზრისით, არამედ, ბევრ შემთხვევაში, საზოგადოებასთან კავშირის ქონის კუთხითაც. მაგრამ მომთაბარე ფილოსოფიისა და ცხოვრების წესის მიღება არ ნიშნავს, რომ მთელ შენს უწინდელ ყოფაზე, მოვალეობებსა და საკუთრებაზე უარი უნდა თქვა. მარკარდტის მტკიცებით, ნომადობისთვის სრულებით არ არის აუცილებელი ფიზიკური მოგზაურობა. "მომთაბარეობა მხოლოდ სამყაროს მეორე ბოლოში თავგადასავლის ძიებასა და ახალი ადგილების აღმოჩენას არ გულისხმობს. არსებობს სოციალური და პროფესიონალური მომთაბარეობაც. ცხოვრების ამ წესის მიღება უბრალოდ იმ ადამიანის სახლში დაპატიჟებასაც შეიძლება ნიშნავდეს, რომელსაც არც ისე კარგად იცნობ ან ეთანხმები".

ის აღნიშნავს, რომ მომთაბარეობის ანტიკური ფილოსოფიის ფესვები არა მაინცდამაინც მიგრაციაში, არამედ მსოფლმხედველობაშია — ესაა ღიაობის, ცნობისმოყვარეობის, თავმდაბლობის, ახალი ადამიანების გაცნობის, ადგილებისა და ცნებების აღმოჩენის სურვილი. "როდესაც ჩვენ ვმოძრაობთ, მხოლოდ იმ ადგილების შესახებ არ ვსწავლობთ, რომელსაც ვსტუმრობთ", — ამბობს მარკარდტი, — "ჩვენ აღმოვაჩენთ იმასაც, თუ ვინ ვართ და საიდან მოვდივართ".