წლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუსიკალური მოვლენა — ევროვიზია — მოახლოვდა. მასშტაბურ სატელევიზიო შოუს, რომელსაც ყოველწლიურად მსოფლიოში ასობით მილიონი ადამიანი ადევნებს თვალს, წელს იტალიის ქალაქი ტურინი უმასპინძლებს. რიგით 66-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მაყურებელს ბევრი საინტერესო რამ ელოდება. რამდენიმე მათგანის შესახებ კი ჩვენი სტატიიდან გაიგებთ.

1. იტალია კონკურსს 31 წლის შემდეგ პირველად მასპინძლობს

იტალია ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელიც კონკურსზე დაარსების წლიდან მონაწილეობს. ამ ხნის განმავლობაში მათ მხოლოდ სამჯერ მოახერხეს გამარჯვება, თუმცა, მსოფლიოს ისეთი ჰიტები აჩუქეს, როგორიც დომენიკო მოდუნიოს Nel blu dipinto di blu არის. ამ სიმღერას შეიძლება, უბრალოდ, "ვოლარეს" სახელით იცნობთ — კომპოზიცია, რომელმაც 1958 წლის ევროვიზიის კონკურსზე მესამე ადგილი დაიკავა, მოგვიანებით, გრემის პირველი დაჯილდოების ორგზის ლაურეატი გახდა.

იტალიამ ევროვიზიაზე სხვა ვარსკვლავებიც გამოგზავნა — მათ შორის, ტოტო კუტუნიო, რომელმაც 1990 წელს თავის ქვეყანას მეორე გამარჯვება მოუტანა. სწორედ ამ ტრიუმფის შემდეგ უმასპინძლა იტალიამ კონკურსს ბოლოს — 31 წლის შემდეგ კი ევროვიზია პიცისა და კუტუნიოს სამშობლოში ბრუნდება.

2. წელს ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიო პოპვარსკვლავი მიკა იქნება

წლევანდელ ევროვიზიას სამი წამყვანი ეყოლება — იტალიელი მომღერალი ლაურა პაუზინი, ტელეწამყვანი ალესანდრო კატელანი და მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი პოპვარსკვლავი მიკა. მუსიკოსი, რომელმაც წარმატებული კარიერის განმავლობაში 20 მილიონზე მეტი ჩანაწერი გაყიდა, ევროვიზიის ორივე ნახევარფინალს და ფინალურ შოუს გაუძღვება თანაწამყვანებთან ერთად. მეტიც — ეგრეთ წოდებული ინტერვალ აქტების დროს იგი სცენაზე იმღერებს კიდეც.

3. უკრაინა წელს ბუქმეიკერების ფავორიტია

ყოველწლიურად, ევროვიზიის მოახლოებასთან ერთად, იწყება წინასაკონკურსო ციებ-ცხელება, რომლის ნაწილიც ბუქმეიკერების პროგნოზებია. ბოლო ორ კონკურსზე მათ გამარჯვებული იწინასწარმეტყველეს, თუმცა, არაერთხელ ჰქონიათ უზუსტო პროგნოზებიც. ამის მიუხედავად, მათ მიერ შედგენილი რეიტინგი საბოლოო შედეგებს, როგორც წესი, დიდწილად ასახავს ხოლმე. ამჯერად, 2022 წლის ევროვიზიაზე ბუქმეიკერები უკრაინას გამარჯვებას თითქმის 50-პროცენტიანი შანსით უწინასწარმეტყველებენ.

უკრაინას წელს ჯგუფი KALUSH ORCHESTRA წარადგენს, სიმღერით Stefania. აღსანიშნავია, რომ ბენდს შიდაშესარჩევი კონკურსი არ მოუგია — მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გამარჯვებულ ალინა პაშს ყირიმში უკანონოდ მოგზაურობის გამო მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა, უკრაინამ წარმომადგენლად სწორედ KALUSH ORCHESTRA დაასახელა.

4. წელს საქართველოს უკვე მეხუთედ წარადგენს ბენდი

საქართველო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მონაწილეობას უკვე მეთოთხმეტედ მიიღებს. ჩვენს ქვეყანას წელს ჯგუფი ცირკუს მირკუსი წარადგენს, სიმღერით Lock Me In. ბენდი წარმომადგენლად საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შიდაშესარჩევი კონკურსის გარეშე დაასახელა 2021 წლის ნოემბერში. ცირკუს მირკუსი მეხუთე ჯგუფია, რომელიც საქართველოს ევროვიზიაზე წარადგენს.

ამ დროისათვის საქართველო 2022 წლის კონკურსის ბუქმეიკერების რეიტინგში 28-ე ადგილს იკავებს, ევროფანების აპლიკაციაში კი ბოლოდან მეორე, 39-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ევროვიზიის ფინალში 2016 წლის შემდეგ არ უმღერია, კონკურსზე 13 მონაწილეობის შემდეგ კი ქვეყნის საუკეთესო შედეგად მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ და 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავა.

ცირკუს მირკუსი ევროვიზიის მეორე ნახევარფინალურ ტურში, 12 მაისს, მე-5 ნომრად წარდგება მაყურებლის წინაშე.

5. ქართული წარმოშობის მომღერალი წარადგენს ისრაელსაც

საქართველო ერთადერთი მონაწილე როდია, რომლის წარმომადგენლებიც ჩვენი ქვეყნიდან არიან. ისრაელის წარმომადგენელს, მიხაელ ბენ-დავიდს, ასევე ქართული ფესვები აქვს. მომღერალი ქალაქ აშკელონში დაიბადა, თუმცა, დედამისი უკრაინიდანაა, მამა კი — საქართველოდან.

მიხაელი კონკურსზე ეთნო ელემენტებით გაჯერებულ დენს-პოპ სიმღერას, I.M-ს შეასრულებს, რომელიც თავდაჯერებულობისა და საკუთარი თავის მიღების მნიშვნელობაზეა. მომღერლისთვის, რომელიც ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო და დაქამინგაუთება კონსერვატიულ გარემოცვაში მოუხდა, სიმღერას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ისრაელს ქართული წარმოშობის მუსიკოსი წარადგენს. 2013 წელს ქვეყნის სახელით კონკურსზე მორან მაზორი წარდგა, რომლის მშობლებიც საქართველოდან არიან.

6. ფინეთს ცნობილი როკჯგუფი The Rasmus წარადგენს

მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავები წლევანდელ ევროვიზიაზე მხოლოდ წამყვანებად როდი არიან წარმოდგენილები. ფინეთს, რომელსაც ევროვიზიაზეც და მის გარეთაც როკჯგუფების მოყვარული ქვეყნის რეპუტაცია აქვს, წელს The Rasmus წარადგენს, სიმღერით Jezebel.

1994 წელს დაფუძნებულმა The Rasmus-მა მსოფლიოში სახელი მოიხვეჭა ჰიტად ქცეული სიმღერით In the Shadows. ბენდი დღეს ფინეთში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკალურ პროექტად მიიჩნევა. მათ მსოფლიოში 5 მილიონამდე ალბომი აქვთ გაყიდული.

აღსანიშნავია, რომ ფინეთის წარმატებული გამოსვლები სწორედ როკს და როკჯგუფებს უკავშირდება. ქვეყანას ამ დრომდე ერთადერთი გამარჯვება 2006 წელს ბენდმა Lordi მოუტანა, გასულ წელს კი პროექტმა Blind Channel-მა ფინეთი 15 წლის შემდეგ პირველად შეიყვანა საუკეთესო ათეულში. რა ვიცით, იქნებ ოდესმე Nightwish-იც ვიხილოთ ევროვიზიაზე...

7. წლევანდელ ევროვიზიაზე რუსეთი არ მონაწილეობს

რუსეთი თავდაპირველად კონკურსზე მონაწილეობას აპირებდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა თებერვლის თვეში უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ევროვიზიის მონაწილეებმა აგრესორი ქვეყნის საერთაშორისო ღონისძიებიდან მოხსნა მოითხოვეს. კონკურსის ორგანიზატორმა ევროპის მაუწყებელთა კავშირმა მოთხოვნა დააკმაყოფილა და მეტიც — რუსული ტელეკომპანიები ორგანიზაციიდან გააძევა. ამდენად, უცნობია, შეძლებს თუ არა ქვეყანა ევროვიზიაზე დაბრუნებას მომავალში.

8. გამარჯვების უპრეცედენტოდ მაღალი შანსები აქვთ "დიდი ხუთეულის" წევრებს

ევროფანების ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი დისკუსია ეგრეთ წოდებული დიდი ხუთეულის წევრ ქვეყნებს უკავშირდება. ამ ხუთ ქვეყანას — გაერთიანებულ სამეფოს, საფრანგეთს, გერმანიას, ესპანეთსა და იტალიას — კონკურსის ორგანიზებაში ყველაზე დიდი წვლილი შეაქვთ, მათ შორის, ფინანსურ ნაწილში. სწორედ ამიტომ, პრივილეგიით სარგებლობენ და ყოველ წელს ნახევარფინალური ტურის გავლის გარეშე ხვდებიან ფინალში. ამის მიუხედავად, დიდწილად "ქულების დაფის" მეორე მხარეს იკავებენ პოზიციებს, არცთუ იშვიათად კი ბოლო ხუთეულშიც აღმოჩნდებიან ხოლმე. ყველაზე თვალშისაცემი გაერთიანებული სამეფოა, რომელიც 2009 წლის შემდეგ საუკეთესო ათეულში არ მოხვედრილა, წინა ორ კონკურსზე კი ბოლო ადგილი დაიკავა.

წლევანდელი წელი ამ მხრივ ნამდვილად გამონაკლისია: იტალია ბუქმეიკერების რეიტინგში მე-2 პოზიციაზეა, გაერთიანებული სამეფო — მესამეზე, ესპანეთი კი — მეხუთეზე. ათეულთან ახლოსაა საფრანგეთიც. წინა საუკუნეში ეს ქვეყნები ევროვიზიაზე წარმატებულად ასპარეზობდნენ, ამიტომ, ადვილად წარმოსადგენია, როგორი სასიხარულოა პროგნოზები ამ ქვეყნების გულშემატკივრებისთვის. განსაკუთრებულად მაინც ესპანეთისთვის, რომელმაც კონკურსზე გამარჯვება ბოლოს ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოიპოვა.

9. გასული წლის ტრიუმფატორი Måneskin წლევანდელ შოუზეც გამოჩნდება

როკჯგუფი Måneskin, რომელიც გასულ წელს ევროვიზიის მოგების შემდეგ ნამდვილ გლობალურ სენსაციად იქცა, კონკურსზე ბრუნდება — ცხადია, მონაწილედ არა. ხანგრძლივი და დატვირთული მსოფლიო ტურნეს მიუხედავად, ბენდი 2022 წლის ევროვიზიის ფინალში იმღერებს. ახალგაზრდა მუსიკოსები თავიანთ ახალ სინგლს, Supermodel-ს შეასრულებენ, რომელიც 13 მაისს გამოდის.

აღსანიშნავია, რომ Måneskin ევროვიზიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამარჯვებულია. კონკურსის შემდეგ, იტალიურმა როკჯგუფმა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ჩარტებში მოწინავე პოზიციები დაიკავა, ჯამში კი, სტრიმინგ პლატფორმებზე მათი მუსიკა 4,5 მილიარდჯერ მოისმინეს. ამ ხნის განმავლობაში ბენდის ჩანაწერებმა ასევე მოახერხეს 185 პლატინის, 42 ოქროს და 10 ბრილიანტის სტატუსის მოპოვება.

10. წინ კიდევ ბევრი სიურპრიზი გველოდება!

ევროვიზიის ერთ-ერთი მახასიათებელი სიურპრიზების სიმრავლეა. თითქოს ყველაფერი ვიცით — მონაწილე სიმღერები, წამყვანები, "ინტერვალ აქტები" და რეპეტიციების ნაწყვეტებსაც კი მოვკარით თვალი. თუმცა, საბოლოოდ, შოუ, რომელიც მხოლოდ მუსიკალური არ არის, ჩვენს გაოცებას მაინც ახერხებს ხოლმე. ევროვიზიაზე, როგორც წესი, ყველაზე ინოვაციური ტექნოლოგიები გამოიყენება, ღონისძიების ორგანიზატორები კი ყველაფერს აკეთებენ, რათა მსოფლიოში 200 მილიონამდე მაყურებელი გააოცონ. ამდენად, ეჭვგარეშეა, რომ 10, 12 და 14 მაისს გრანდიოზული დღესასწაული გველოდება.