ალბათ, ბევრ თქვენგანს მოუსმენია ისტორიები სულებზე, დემონებსა თუ უცხოპლანეტელებზე, რომლებსაც ღამით "ხედავენ" ხოლმე. შეიძლება თავად თქვენც, ძილის წინ, ერთხელ მაინც გქონიათ შეგრძნება, რომ ოთახში ვიღაც არის და საბნის ქვეშ ჩამალულხართ ან შიშისგან ვერ განძრეულხართ.

ხშირად, ასეთ გამოცდილებებს პარანორმალურ მოვლენებად რაცხავენ, მაგრამ ძილის მეცნიერები ამას ძილის პარალიზს მიაწერენ, რომელიც ჩაძინებისას ან გაღვიძებისას გვემართება.

ასევე, იხილეთ: ძილის მეცნიერება — რატომ გვძინავს და რა ხდება ამ დროს ჩვენს ორგანიზმში

მოგეხსენებათ, რომ ძილის სხვადასხვა ფაზა არსებობს. ერთ-ერთი მათგანისთვის თვალების სწრაფი მოძრაობაა (REM) დამახასიათებელი და მას სწორედ ასე ეწოდება. ამ დროს საკმაოდ ცხად სიზმრებს ვხედავთ და პარალიზებულნი ვართ, რაც ორგანიზმის ერთგვარი თავდაცვის საშუალებაა, რომ უგონო მდგომარეობაში საკუთარი თავი ხიფათის წინაშე არ დავაყენოთ.

ძილის პარალიზისას REM-ის ნიშნებს მაშინ განვიცდით, როცა გვგონია, რომ უკვე გვღვიძავს, მაგრამ ვერ ვმოძრაობთ და სიზმრის მსგავს ჰალუცინაციებს ვხედავთ. ეს ფენომენი ადამიანთა დაახლოებით 8 პროცენტში იჩენს თავს, რაზეც ესა თუ ის ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგალითად, სტრესი, ტრავმა, ავადმყოფობა და სხვა.

ასევე, იხილეთ: რატომ ვხედავთ სიზმრებს და რა ხდება ამ დროს ჩვენს გონებაში — მეცნიერება სიზმრებზე

მეცნიერები ფიქრობენ, რომ პარანორმალური ისტორიების დიდი ნაწილი სწორედ ამას უკავშირდება. ეს გასაკვირი არაა, რადგან შესაძლოა, ასეთ "შუალედურ" მდგომარეობაში განცდილი მართლაც რეალურად და სრულიად დამაჯერებლად მოგვეჩვენოს, სიზმრის მსგავსი ეფექტის გამო კი "ნანახმა" ზებუნებრივი, მისტიკური მნიშვნელობა შეიძინოს.

იგივე ვრცელდება უცნაურ ხმებზეც, რომლებიც ძილ-ღვიძილის დროს "ჩაგვესმის". ამას სპეციალისტები "თავის აფეთქების სინდრომს" უწოდებენ და მიზეზად ტვინის რეტიკულური ფორმაციის მიერ სმენის მაკონტროლებელი ნეირონების უეცარ აღგზნებას ასახელებენ.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ პარანორმალური გამოცდილებების ზემოხსენებული ახსნა ბევრ ადამიანს შფოთვას მოუხსნის და, თავის მხრივ, ძილის პარალიზის რისკსაც შეამცირებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.