საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ადამიანის უფლებათა ცენტრი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი და პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებენ არ მიიღოს სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დანიშნული უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეების უვადოდ გადანიშვნის გადაწყვეტილება. ორგანიზაციების აზრით ლევან მურუსიძისა და მაია სულხანიშვილის უვადო დანიშვნაზე გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტის მიერ ახალი რეგულაციების მიღებამდე არ უნდა მიიღოს.

ორგანიზაციების აზრით, საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით პირველ ივლისამდე განსახორციელებელი ცვლილებებით უნდა მოაწესრიგოს სამწლიანი ვადით უკვე გამწესებული მოსამართლეების საკითხი. მათი აზრით, პარლამენტმა, შესაძლოა, საკითხი მოაწესრიგოს იმგვარად, რომ უკვე განწესებულ მოსამართლეებს უფლება მიეცეთ სამწლიანი ვადის ამოწურვამდე მიმართონ საბჭოს მათი უვადოდ გამწესების საკითხზე, რა დროსაც საბჭო ინდივიდუალურად იმსჯელებს თითოეულ ასეთ განცხადებაზე და მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

"ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციით ერთადერთი ორგანო, რომელიც მოსამართლეთა გამწესების გადაწყვეტილებას იღებს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო-მოცემულ შემთხვევაში საბჭომ აღნიშნული მოსამართლეები დანიშნა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით და დაუშვებელია კანონის იმგვარად განმარტება, რაც გამორიცხავს საბჭოს უფლებას/ვალდებულებას, დამატებით ინდივიდუალურად იმსჯელოს თითოეული მოსამართლის უვადოდ განწესების საკითხზე და დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება," - აღნიშნულია ორგანიზაციების სახელით გავრცელებულ განცხადებაში.