კალიფორნიის შტატში მცხოვრებმა ერთ-ერთმა ოჯახმა ზამთარი მაინცდამაინც მყუდროდ არ გაატარა. თვეების განმავლობაში ოჯახის წევრებს ხვრინვის უცნაური ხმა აწუხებდათ, თუმცა, ვერაფრით დაადგინეს, საიდან და რატომ მოდიოდა ასეთი ბგერები. ასე რომ, უბრალოდ, განაგრძეს ცხოვრება. მხოლოდ სულ ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს, რომ ცივ სეზონზე მათ სახლს ქვემოთ მდებარე სივრცეს ხუთმა დათვმა მიაშურა და ზამთრის ძილს მისცა თავი.

ცხოველებისა და მათი ჰაბიტატის დამცველმა ჯგუფმა ფეისბუქპოსტით გვაცნობა, რომ ზამთარში ამერიკელ ოჯახს კიდევ ერთი ოჯახი ესტუმრა — დედა დათვი თავისი სამი და ერთიც ნაშვილები ობოლი ბელით.

"შარშან მას [დედა დათვს] სამი ბელი ეყოლა და როცა ისინი 9 თვის გახდნენ, ამავე ასაკის დაობლებული ბელის პატრონობაც საკუთარ თავზე აიღო", — წერია გავრცელებულ განცხადებაში, — "ამის შემდეგ მას ოთხი ძალიან აქტიური, ბუთხუზა ბელი ჰყავდა. როცა ზამთრისთვის ძილის დრო მოვიდა, იპოვა სახლი, რომლის ქვედა სივრცეც ღია და დაუცველი იყო. ამიტომ თავის პატარებს შიგ შეუძღვა და დაარიგა, რომ გაჩუმებულიყვნენ და დაეძინათ".

ცელქმა ბელებმა დედის დარიგება კი შეისმინეს, მაგრამ ძილში რომ არ ეხმაურათ, მაგდენი ვეღარ შეძლეს.

დედა დათვი, რომელსაც ეჭვი არ ეპარება, რომ მშვენივრად იმალება.

ფოტო: BEAR League / Facebook

ის-ის იყო, დათვებმა გამოიღვიძეს და წასასვლელად ემზადებოდნენ, რომ ზედა მეზობლებმა ხმაური გაიგონეს და, საბოლოოდ, იეჭვეს, ხმა ქვემოდან მოდიოდა და ცხოველების შარიშურს ჰგავდა.

ადამიანების ოჯახმა მაშინვე დაურეკა ცხოველთა დამცველ ჯგუფს, რომელიც დათვებს ტყეში დაბრუნებაში დაეხმარა.