შპს ბლექ სი არენა ჯორჯია ნატანებში (შეკვეთილი) საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსადგომის მოსაწყობად 2 636 000 ლარს დახარჯავს. ამ თანხის ფარგლებში მომსახურების შეძენა პირდაპირი წესით იგეგმება და უფლების მისაღებად კომპანიამ უკვე მიმართა შესყიდვების სააგენტოს.

კომპანიის დირექტორმა, ანა კავლელიშვილმა On.ge-ს უთხრა, რომ შესყიდვის ფარგლებში დაგეგმილია ორი ათასზე მეტი ავტოსადგომის მოწყობა. მისი თქმით, ბლექ სი არენაზე მანამდე ჩატარებულმა ღონისძიებებმა აჩვენა, რომ ავტოსადგომების დამატება იყო საჭირო.

"ბლექ სი არენას საკონცერტო დარბაზს არ გააჩნია მიმდებარე ტერიტორია, რომელზეც შესაძლებელია განთავსდეს საკმარისი მოცულობის ავტოსადგომი. იმის გათვალისწინებით, რომ დარბაზი მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მიუვალ ადგილას აუცილებლობას წარმოადგენს დარბაზში ჩასატარებელი ღონისძიებაზე დამსწრე პირებისათვის, მათ შორის შშმ პირთათვის, ავტოსადგომის მოწყობა სანიაღვრე არხებით, მცირე ზომის გამწვანების ზოლებით, განათებით, ავტოსადგომზე მისასვლელი მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნებით, სამელიორაციო არხსა და ავტოსადგომს შორის გამყოფი ბარიერებითა და უსაფრთხოების სისტემებით," - აღნიშნავენ კომპანიაში.

გარდა ავტოსადგომის მოწყობის ხარჯისა კომპანიას მოუწევს ავტოსადგომის ტერიტორიის იჯარის თანხის გადახდა. კომპანიამ შესაბამისი ხელშეკრულება დღეს, პირველ მაისს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, ბლექ სი არენა წელს ყოველთვიურად შვიდი ათას ლარს გადაიხდის, მომავალი წლიდან კი ეს თანხა 11 250 ლარამდე იზრდება.

ბლექ სი არენაზე მიმდინარე წლის 20 მაისს Aerosmith-ის კონცერტი იმართება, რომელიც საქართველოს ბიუჯეტს დაახლოებით 5,5 მილიონი ლარი უჯდება.

Black Sea Arena საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის ფონდმა ქართუმ ააშენა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობდნენ, საკონცერტო დარბაზის ღირებულება 200 მილიონი ლარია. ივანიშვილმა საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს 2016 წლის ივლისში აჩუქა. ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებასა და ივანიშვილს აკრიტიკებდა, რომ მსგავსი საჩუქრის შენახვა ბიუჯეტს მძიმე ტვირთად დააწვებოდა.