ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, პარტია პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას ურაინაში გენოციდის აღიარების თაობაზე.

"მაშინ, როდესაც არაერთქმა პარლამენტმა ევროპული ქვეყნისა მიიღო დადგენილება უკვე აღიარებითი გენოციდის თაობაზე უკრაინაში, ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც ადგილზე იყო ჩასული და ნახა, როგორაა დახვრეტილი ხალხი, ხელებშეკრული, ფეხმძიმე ქალები, ბავშვები, ასაკოვანი ხალხი, ვერ ბედავს თქვას, რა მოხდა სინამდვილეში. აქედან გამომდინარე, დღეს ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას გენოციდის აღიარების თაობაზე უკრაინაში.

ეს უნდა გახდეს მორიგი ლაკმუსის ქაღალდი ბიძინა ივანიშვილისთვის, იგივე შალვა პაპუაშვილისთვის", — თქვა მან ბრიფინგზე.

მელიამ, ასევე, განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ბუჩაში ვიზიტის შემდეგაც არ იცვლის დამოკიდებულებას საკითხის მიმართ.

"შალვა პაპუაშვილის მეთაურობით იყვნენ ჩასული უკრაინაში, ქალაქ ბუჩაში და გვახსოვს, თუ რის შემდეგ მიიღეს მათ ეს გადაწყვეტილება. მას შემდეგ, რაც უკრაინის რადას თავმჯდომარემ მიმართა შალვა პაპუაშვილს სიტყვებით — ვისაც არ სჯერა ბუჩაში ძალადობის, სისასტიკისა და გენოციდის, გთხოვთ, ჩამობრძანდეთ და პირადად ნახოთ ადგილზე რეალურად რა მოხდა.

ამის შემდეგ ბატონი პაპუაშვილი სხვა დეპუტატებთან ერთად ჩადის ბუჩაში, ბრუნდება საქართველოში და რეალურად არ იცვლის დამოკიდებულებას. ნაცვლად იმისა, რომ მას ეთქვა, ადგილზე ნანახმა დაარწმუნა, ისევე როგორც მთელი დანარჩენი საერთაშორისო მეგობრები და პარტნიორები უკრაინისა, რომ ადგილზე მან იხილა გენოციდის ნიშნები, როგორც მინიმუმ გენოციდის ნიშნები მაინც ეთქვა, მან გააკეთა განცხადება, რომ შესაძლებელია, სამხედრო დანაშაულის ნიშნები იყოს", — ამბობს პარტიის თავმჯდომარე.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში.