უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, დავით არახამიამა ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდებს, ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესება განიხილონ. მისი თქმით, "ქართველი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი მჭიდრო კავშირშია რუსეთის პოლიტიკურ ელიტასთან". ამის დასადასტურებლად კი ინტერნეტში გავრცელებული, სავარაუდოდ, სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ივანიშვილის საუბარი მოჰყავს.

"დღეს ივანიშვილი ქართველი იანუკოვიჩი გახდა. ის და მისი მეგობრები უკრაინის მიმართ ატარებენ პოლიტიკას, რომელსაც ქართველი ხალხი არ უჭერს მხარს. მათ სურთ ქართველებსა და უკრაინელებს შორის გაჩაღდეს დაპირისპირება, რომელიც ათწლეულს გასტანს. ამის თავიდან ასაცილებლად მივმართავ ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ხელმძღვანელობას, განიხილონ ივანიშვილსა და მის აქტივებზე დასავლეთში სანქციების დაწესება. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა", — წერს ის ტელეგრამ არხზე.

ინტერნეტში, სავარაუდოდ, ვლადიმირ ევტუშენკოვისა და ბიძინა ივანიშვილის საუბარი გავრცელდა. ევტუშენკოვი მილიარდერი ოლიგაქრია, რომელსაც პუტინთან აფილირებულ პირად მიიჩნევენ, მას დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სანქციები დაუწესა. ჩანაწერში საუბარია ბიზნესგეგმებზე, რამაც გააჩინა მოსაზრება, რომ ოლიგარქები სანქციებისთვის გვერდის ავლას ცდილობენ. ჩანაწერს ახლავს ინფორმაცია იმაზე, რომ ევტუშენკოვს მარტში ივანიშვილთან 2 ზარი ჰქონდა — 10-ში და 12-ში.

უკვე რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, რუსეთი საქართველოს სანქციებისთვის გვერდის ასავლელად იყენებდეს. ამაზე იყო საუბარი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციაშიც, რაც ქვეყნებს შორის უთანხმოების მიზეზი გახდა. საქართველო უკრაინის წაყენებულ ბრალდებებზე მტკიცებულებების წარდგენას ითხოვდა.