პატრონი 2 წლის უკრაინელი ძაღლია, რომელმაც უკრაინის ომში უკვე დიდი როლი ითამაშა და 90-ზე მეტი რუსული ბომბი იპოვა. პატრონი უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურის წევრია და ამჟამად ქალაქ ჩერნიგოვში ცხოვრობს.

"რუსეთის შემოჭრის შემდეგ პატრონი ჩვენს მაშველებთან ერთად მუშაობს და 90-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობის განაღმვაში მიიღო მონაწილეობა. ძაღლის ისტორია ერთ დღესაც ფილმად იქცევა, თუმცა ახლა თავის პროფესიულ მოვალეობას ერთგულად ასრულებს", — ვკითხულობთ უკრაინის საგანგებო სამსახურის ტვიტერზე.

პატრონს ხშირად სამხედრო დამცავი ჟილეტი აცვია, როცა ნანგრევებსა და ჭუჭყში ბომბებს ეძებს. ის სამაშველო გუნდს დიდი ხნის წინ შეუერთდა და მისი მოვალეობაა, რომ საშიში უბნებისა და ტერიტორიების შესახებ თანამშრომლები გააფრთხილოს. სანადირო ინსტინქტების გარდა პატრონის მცირე ზომა მისი დამატებითი უპირატესობაა, რადგან ძაღლს ვიწრო სივრცეებში გადაადგილება მარტივად შეუძლია.

პატრონის საქმიანობის შესახებ უკვე ბევრმა ადამიანმა იცის და მის ინსტაგრამის პროფილს 60 ათასამდე გამომწერი ჰყავს, იმის მიუხედავად, რომ ძაღლს მხოლოდ 92 ფოტო აქვს გამოქვეყნებული. კომენტარებში პატრონს აქებენ და ინსტაგრამის ერთ-ერთმა მომხმარებელმა ძაღლის გამოსახულებით ტატუც კი გაიკეთა.

პატრონი ერთადერთი ძაღლი არ არის, რომელიც უკრაინის ომშია ჩართული. ტვიტერზე უკვე არსებობს ანგარიში, რომელიც უკრაინის ომში მონაწილე ძაღლებისა და კატების ცხოვრებაზე მოგვითხრობს და მათ ყოველდღიურობას აღწერს.

შეგახსენებთ, რომ უკვე ორი თვე გავიდა, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და 10 მილიონზე მეტმა უკრაინელმა სამშობლო დატოვა. გაერთიანებული ერების სააგენტოების განცხადებით, უკრაინელი ლტოლვილები წყლის, მედიკამენტებისა და საკვების მწვავე დეფიციტს განიცდიან.