იაპონია ოთხ სადავო კუნძულს "რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულს" უწოდებს. როგორც CNN წერს ეს არის პირველი შემთხვევა თითქმის 20 წლის განმავლობაში, როდესაც იაპონიამ სადაო ტერიტორიაზე მსგავსი ტერმინი გამოიყენა.

სადავო ტერიტორიები ამ ტერმინით მოხსენიებულია იაპონიის ყოველწლიურ ანგარიშში — დიპლომატიის ლურჯი წიგნშია. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კუნძულები "იაპონიის განუყოფელი ნაწილია". ასეთი ფორმულირება დოკუმენტში 2011 წლიდან არ ყოფილა.

"ჩრდილოეთის ტერიტორიები არის კუნძულები, რომლებზეც სუვერენიტეტი იაპონიას ეკუთვნის და არიან იაპონიის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილები, მაგრამ ამჟამად ისინი უკანონოდაა ოკუპირებული რუსეთის მიერ", — ციტირებს დოკუმენტის ტექსტს Washington Post.

2003 წლამდე იაპონიის დიპლომატია კუნძულებს ოფიციალურად უწოდებდა "უკანონოდ ოკუპირებულს", 2012 წლამდე კი — "ძირძველ მიწებს". 2012 წლიდან მთავრობა ერიდებოდა ასეთ ფორმულირებებს, ვინაიდან რუსეთთან კომპრომისის მიღწევის იმედი ჰქონდა. CNN წერს, რომ რუსეთ-იაპონიას შორის ურთიერთობები განსაკუთრებით რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიძაბა.

სადავო ტერიტორია, რომელიც მდებარეობს იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს სანაპიროსთან, შედგება ოთხი ცალკეული კუნძულისგან — იტურუპი, შიკოტანი, კუნაშირი და ჰაბომაი.