22 აპრილს მსოფლიოში დედამიწის დღე აღინიშნება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელსაც 193-ზე მეტ ქვეყანაში მილიარდამდე ადამიანი ზეიმობს. ამ დღის მთავარი მიზანი ეკოლოგიურ პრობლემებზე ცნობიერების ამაღლებაა. კლიმატის ცვლილება კი თანამედროვე მსოფლიოსთვის ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩება.

სწორედ ამიტომ, გუგლმა გადაწყვიტა, ამ დღის აღსანიშნავი დუდლით კლიმატის ცვლილებას გამოეხმაურებოდა და თავისი მომხმარებლისთვის ეჩვენებინა, როგორ შეიცვალა დედამიწა ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

"დროის შუალედში მოქცეული ეს სურათები გვიჩვენებს, რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ოთხ სხვადასხვა ადგილზე პლანეტის გარშემო", — წერს გუგლი, — "დაუყოვნებლივი და ერთობლივი მოქმედება, რომ უფრო გონივრულად ვიცხოვროთ, კლიმატის ცვლილების ყველაზე საშინელი შედეგების თავიდან აცილებისთვის აუცილებელია".

ფოტო: Google

დუდლი აჩვენებს, როგორ შემცირდა კილიმანჯაროს მთასა და გრენლანდიაში ყინულოვანი საფარი უახლოესი წარსულის განმავლობაში, ასევე როგორ შეიცვალა დიდი ბარიერული რიფი სულ რამდენიმე თვეში და ჰარცის ტყე გერმანიაში.