მართალია, არაერთი ადამიანი აღნიშნავს, რომ ანტიდეპრესანტები მათ ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით ეხმარება, თუმცა ჟურნალში PLOS One გამოქვეყნებული ახალი რეფერირებული კვლევა ამტკიცებს, რომ მათ მომხმარებელთა ცხოვრების ხარისხში დიდი რაოდენობრივი გაუმჯობესება სულაც არ ფიქსირდება.

კვლევის ფარგლებში საუდის უნივერსიტეტის (საუდის არაბეთი) მკვლევრებმა 2005-2015 წლებში ჩატარებული MEPS გამოკითხვის მონაცემები შეისწავლეს. ეს ხანგრძლივად მიმდინარე კვლევა გახლდათ, რომელშიც აშშ-ში დეპრესიის დიაგნოზის მქონე 17.47 მილიონ ადამიანს მეთვალყურეობდნენ, აქედან 57.6 პროცენტი კი სამკურნალოდ ანტიდეპრესანტებს იღებდა.

მართალია, კვლევის მონაწილეების ნაწილში დადებითი შედეგები შეიმჩნეოდა, თუმცა მეცნიერებმა ვერ შენიშნეს ვერანაირი განსხვავება ანტიდეპრესანტების მიმღებ და დეპრესიასთან პირისპირ, მედიკამენტების გარეშე მყოფ პირებს შორის.

საუდის უნივერსიტეტის მეცნიერები მეტა-ანალიზების ავტორთა უმრავლესობის მსგავსად, ნაშრომში აღნიშნავენ, რომ "საჭიროა ხანგრძლივი კვლევები, რომლებიც ამ პაციენტთა ცხოვრების ხარისხზე ფარმაკოლოგიური და არა-ფარმაკოლოგიური ჩარევის რეალურ გავლენას შეისწავლის".

საგულისხმოა, რომ ამგვარი სკეპტიციზმით არაერთი სხვა ადამიანია განწყობილი. გასულ თვეს მწერალმა PE მოსკვიცმა The Nation-ში შესაბამისი არგუმენტაცია წარმოადგინა, რომელიც ხაზს უსვამდა იმ სერიოზულ გვერდით ეფექტებს, რომლებიც ანტიდეპრესანტების, განსაკუთრებით SSRI-ების ჯგუფის, მომხმარებლებში იჩენს თავს. მისი აზრით, უმჯობესი იქნება, თუკი ამ მედიკამენტების სარგებელსა და შესაძლო საფრთხეებზე უფრო სრული ინფორმაცია გვექნება.

"კვლევა მიგვანიშნებს, რომ მედიკამენტები იმაზე ნაკლებად ეფექტური და მეტად საშიშია, ვიდრე აქამდე გვჯეროდა", — წერს მოსკოვიცი — "სამედიცინო მუშაკთა ნაწილი კი ასკვნის იმას, რისი ამოთქმაც აქამდე ზედმეტად ერეტიკულად ჟღერდა: ანტიდეპრესანტებს ხშირად სარგებელზე მეტი ზარალი მოაქვს".

აღსანიშნავია, რომ ანტიდეპრესანტებისადმი სკეპტიკურ მიდგომას მხოლოდ ის ფაქტი არ უძღვის წინ, რომ დეპრესიის განვითარების მექანიზმები ზუსტად არ არის შესწავლილი. საფუძვლიანი ცოდნა არსებობს იმისა, რომ ერთ დროს უპირატესად მიღებული "ქიმიური დისბალანსის" ჰიპოთეზა ამჟამად იმაზე ბევრად ნაკლებად სარწმუნოა, ვიდრე 10-15 წლის წინ იყო.

საბოლოო ჯამში, მკვლევრების აზრით, ანტიდეპრესანტების ეფექტურობასთან დაკავშირებული კვლევა ადამიანების დახმარებისაკენ უნდა იყოს ორიენტირებული.

"საჭიროა, დეპრესიის ხანგრძლივი მართვა დამატებით შეფასდეს, რათა პაციენტთა მკურნალობის საბოლოო მიზანი შესრულდეს; მათი ცხოვრების საერთო ხარისხი გაუმჯობესდეს", — ნათქვამია ნაშრომის ბოლოს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.