ოქსფორდის მეცნიერთა თქმით, მათ "საფირონის ბოჭკოსგან" ახალი სენსორი შექმნეს, რომლითაც თვითმფრინავების გამონაბოლქვის შემცირება და ისეთი ტექნოლოგიების დახვეწა იქნება შესაძლებელი, როგორიც ატომური ელექტროსადგურია.

ამ სენსორს შეუძლია ექსტრემალურ ტემპერატურას გაუძლოს და გააგრძელოს მუშაობა 2000 ცელსიუს გრადუსზეც კი. ეს თვისება საშუალებას აძლევს, იმუშაოს თვითმფრინავის ძრავშიც, ხოლო მისგან მიღებული მონაცემები ძრავის მუშაობაზე დაკვირვებისთვის, ასევე, გამონაბოლქვის მნიშვნელოვნად შემცირებისთვის იქნება გამოსადეგი. იმის გამო, რომ სენსორს რადიაციის გაძლებაც შეუძლია, საფირონის ბოჭკო შეიძლება გამოიყენონ კოსმოსში და ასევე, ატომურ ელექტროსადგურებში.

"საფირონის ოპტიკურ ბოჭკოებს ექნებათ მრავალი განსხვავებული პოტენციური გამოყენება ბირთვული რეაქტორის ექსტრემალურ გარემოში. [...] ამ ტექნოლოგიას აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვნად გაზარდოს მომავალი სენსორებისა და რობოტული ტექნიკური სისტემების შესაძლებლობები", — ამბობს რობ სკილტონი, გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის ორგანოს Remote Applications in Challenging Environments-ის კვლევის ხელმძღვანელი.

ეს ახალი სახის ბოჭკო შექმნილია ინდუსტრიულად გაზრდილი საფირონისგან და მისი სისქე მხოლოდ ნახევარი მილიმეტრია. თუ სინათლე მის ერთ ბოლოში გაიგზავნება, ის აირეკლება უკან მის გასწვრივ მდებარე წერტილიდან და ამ სინათლის ფერი შემდგომ, შესაძლოა, გამოიყენონ ამ წერტილში არსებული ტემპერატურის გასაზომად.

აქამდე არსებულ მსგავს სენსორებს ათწლეულების განმავლობაში პრობლემა ჰქონდა და ეს სინათლის ტალღის სიგრძესთან შედარებით მათი ბოჭკოების სიდიდეს უკავშირდებოდა. როგორც წესი, სინათლე ბოჭკოში გადაადგილდება სხვადასხვა მარშრუტით, უკან კი სხვადასხვა ტალღის სიგრძე ერთდროულად ირეკლება.

ახალი სენსორის შემთხვევაში მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ ერთგვარი არხი იქმნება ბოჭკოს გასწვრივ. რაც ნიშნავს, რომ სინათლე მხოლოდ მცირედით ჯვარედინად მოძრაობს, მილიმეტრის მეასედის სიგანეზე. ეს ნიშნავს, რომ სენსორი ირეკლავს მხოლოდ ერთ, თავდაპირველი ტალღის სიგრძეს, რაც მას გაცილებით გამოსადეგად აქცევს.

სტატია, რომელიც აღმოჩენას ასახავს, ჟურნალ Optics Express-შია გამოქვეყნებული. კვლევა ოქსფორდის უნივერსიტეტში, სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაციით ჩატარდა. მათ შორის კი გაერთიანებული სამეფოს ატომური ენერგიის ორგანოცაა.