"ლათინური სიტყვებიდან Z და V ამოვაგდოთ თუ ფილმი ზორო აღარ გავუშვათ?", — ასე ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი პარტია ლელოს, რომელსაც V და Z სიმბოლოების აკრძალვაზე საკანონმდებლო ინიციატივა აქვს.

"ჩვენ ასობგერაში და ჩვენს ანბანში Z და V სხვანაირი ფორმის არის და დაგვანებონ თავი ცოტა ხანი. რა ვქნათ? ლათინური სიტყვებიდან Z და V ამოვაგდოთ, თუ? ფილმი ზორო აღარ გავუშვათ? ვერ გავიგე უბრალოდ, რა უნდა გავაკეთოთ", — განაცხადა ქადაგიშვილმა.

ლელომ საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, საქართველოში რუსეთის ომი სიმბოლოები, V-ისა და Z-ის გამოყენება უნდა აიკრძალოს. პარტიის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, ქვეყანაში მათი გამოყენება დასჯადი უნდა გახდეს.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი პროპაგანდისტულ გზავნილებსა და სიმბოლოებს საკუთარი აგრესიისა და პუტინის რაშიზმის გასამართლებლად იყენებს. ლელოში დასძენენ, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაცაა.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთი ომის სიმბოლოდ ქცეულ Z-ს პროპაგანდისთვის აქტიურად იყენებს. სამხედრო ექსპერტებისა და ანალიტიკოსების თქმით, პირველად Z რუსულ ტანკებზე უკრაინის საზღვართან, 19 თებერვალს დააფიქსირეს. მაშინ დასავლელ ექსპერტებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რისი აღმნიშვნელი შეიძლება ყოფილიყო ეს სიმბოლო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ Z ნიშნავს Za pobedu (გამარჯვებისთვის), V კი — "სიმართლის ძალას".