ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა ფიქრობს, რომ ომი რუსეთის ბრალია, 11%-ის აზრით კი პუტინის. კითხვაზე, ვისი ბრალია უკრაინაში ომი, პასუხები ასე გადანაწილდა:

  • რუსეთი — 67%.
  • პუტინი — 11%.
  • აშშ — 9%.
  • უკრაინა — 5%.
  • NATO — 3%.
  • ევროკავშირი — 2%.

ფოტო: NDI

NDI-ის კვლევის მიხედვით, უმრავლესობა უკრაინელ ხალხსა და მათ მთავრობას დადებითად აფასებს.

ფოტო: NDI

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ორგანიზაციის განცხადებით, ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალს) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტს) ჩატარდა და ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით აარჩიეს. ინტერვიუები ჩატარდა: ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

თებერვლის კვლევაში ჩატარდა 2 036 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი - +/- 1.8 პროცენტი. მარტის კვლევაში 2 204 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6 პროცენტია. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.