NDI-ს კვლევის მიხედვით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს დაშორდა. კერძოდ, გამოკითხულთა 27% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო მეტად ომის დაწყებამდე დაშორდა, 36% კი ფიქრობს, რომ ომის დაწყების შემდეგ.

ამასთანავე, კვლევაში ვკითხულობთ, რომ ომის დაწყების შემდეგ უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებასა და ეკონომიკას გააძლიერებს.

ფოტო: NDI

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ორგანიზაციის განცხადებით, ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალს) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტს) ჩატარდა და ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებილი ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატალეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით — შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით აარჩიეს. ინტერვიუები ჩატარდა: ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.

თებერვლის კვლევაში ჩატარდა 2 036 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი - +/- 1.8 პროცენტი. მარტის კვლევაში 2 204 დასრულებული ინტერვიუ (18% გამოპასუხება AAPOR სტანდარტების მიხედვით). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6 პროცენტია. ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა კითხვის მიხედვით.