მეცნიერებმა ახალი ტიპის ვარსკვლავური აფეთქება აღმოაჩინეს, რომელსაც მიკრონოვა უწოდეს. ეს ფენომენი თეთრი ჯუჯის სახელით ცნობილ მნათობებში გვხვდება, რომლებიც ახლომდებარე ვარსკვლავის შემადგენელ მატერიას იზიდავს. მის დაგროვებას კი შედეგად ლოკალიზებული ანთებები მოჰყვება, რა დროსაც ათობით ან ასობით კვინტილიონი კილოგრამის წონის ნივთიერებები რამდენიმე საათში იწვება.

თეთრი ჯუჯა მნათობის კოლაფსირებული ბირთვია, რომელიც სიმკვრივითა და მასიურობით გამოირჩევა. ზოგი მათგანი ბინარულ სისტემაში ერთიანდება. არის შემთხვევები, როცა ის კომპანიონი ობიექტისგან აირსა და მტვერს იზიდავს, განსაკუთრებით წყალბადს. პერიოდულად, მასა იმდენად იზრდება, რომ წნევა და ტემპერატურა თერმობირთვულ აფეთქებებს იწვევს. ეს ჩვეულებრივი ნოვა გახლავთ, ხოლო მიკრონოვა მისი შედარებით მცირემასშტაბიანი ვარიანტია.

ეს მოვლენა სპეციალისტებმა ტელესკოპ TESS-ის მონაცემების ანალიზისას შენიშნეს, შემდეგ კი, მიზანმიმართული კვლევისას, სხვა მსგავსი ნათებებიც დააფიქსირეს. მათი თქმით, ასეთი აფეთქებები თეთრი ჯუჯების პოლუსების მიმდებარედ ხდება, სადაც მიზიდული მატერია ჩაედინება და ჩვეულებრივი ნოვას მემილიონედი სიმძლავრე აქვს.

სავარაუდოდ, მიკრონოვა გავრცელებული ფენომენია, თუმცა მის უკეთ გამოსაკვლევად მეტი ინფორმაციის მოპოვებაა საჭირო.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Nature გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.