ქართული ოცნების 10 წლისთავის აღსანიშნავად პოსტს კახა კალაძეც აქვეყნებს. პარტიის პოლისაბჭოს განცხადების მსგავსად, ისიც ბიძინა ივანიშვილს აქებს და ყოფილ ხელისუფლებას აკრიტიკებს.

"10 წლის წინ საქართველოს მოსახლეობის სულისკვეთების მხარდამხარ, საქართველოს საოცნებო მომავლის შენების სურვილით გულანთებულები შევიკრიბეთ ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ და დავაარსეთ პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", — წერს კალაძე.

ამტკიცებს, რომ ქვეყანა ავტოკრატიული ჩიხიდან გამოიყვანეს და საქართველო ევროპული არჩევანისკენ გზაზე დააბრუნეს. მმართველი პარტიის გენერალური მდივანი განცხადებაში "გარე და შიდა მტერზე" საუბრობს და ამბობს, რომ ამ ვითარებაში ქვეყნის სწორად მართვა "დიდი ტვირთია".

"ქვეყნის წინსვლაში, სწორად განვითარებაში პარტიული კვალის დატოვება-უკეთესი საქართველოსთვის, მშვიდობიანი საქართველოსთვის, დოვლათიანი საქართველოსთვის, ჩვენი ყველას საოცნებო საქართველოსთვის!", — ნათქვამია განცხადებაში.

დღეს განცხადება ქართულმა ოცნებამაც გამოაქვეყნა. მმართველი პარტია ამჯერადაც ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად ხალხს "დემოკრატია და თავისუფლება" დაუბრუნეს. პარტიამ ვრცლად ისაუბრა საკუთარ "მიღწევებზე" და იმაზე, რა ვითარება იყო ქვეყანაში ხელისუფლებაში მათ მოსვლამდე. "ოცნებას" უყურადღებოდ არც ოპონენტები დაუტოვებია. ისინი წინა ხელისუფლებას კვლავ ავტორიტარულ რეჟიმად მოიხსენიებენ.