განძის კუნძულის კლასიკური ამბიდან ისეთ თანამედროვე ბლოკბასტერებამდე, როგორიც კარიბის ზღვის მეკობრეებია — მეკობრეთა ისტორიები დიდი ხანია, ჩვენი კულტურის ნაწილია. როგორც ჟანრს, მას ფესვები რეალობაში აქვს გადგმული, რაც დაფუძნებულია იმ კრიმინალ მეზღვაურებზე, რომლებიც დაახლოებით მეჩვიდმეტე საუკუნეში ცხოვრობდნენ. მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო და უფრო რთულდება ფაქტის გამოგონილისგან გარჩევა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე ცნობილ მეკობრეებს ეხება.

წიგნის, ნევერლენდის განძი: რეალური და გამოგონილი მეკობრეები, ავტორის, ნილ რენიეს მიხედვით, მეკობრეთა ისტორიებმა პირველად პოპულარობა 1724 წელს გამოცემული ყველაზე ცნობილ მეკობრეთა ქურდობებისა და მკვლელობების ზოგადი ისტორიით მოიპოვა. ნაშრომი, რომლის ავტორიც ამოუცნობი "კაპიტანი" ჩარლზ ჯონსონია, აერთიანებს რეალურად გაშუქებულ ამბებს მეკობრეთა ოქროს ხანიდან და მათ შეკრულ ისტორიულ ნარატივად წარმოგვიდგენს. თუმცა ზოგჯერ ეს ისტორიები შეიცავს ისეთ დეტალებსაც, რომლებიც ახალ ამბებში ნახსენები არ ყოფილა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ან ალტერნატიული წყაროს ეფუძნებიან ან წარმოსახვის ნაყოფი გახლავთ. ჯონსონი ნამდვილად უფრო მხატვრული სტილით წერდა, ვიდრე ჟურნალისტურით და ეს ყველაზე მკაფიოდ სწორედ შავწვერად ცნობილი მეკობრის, ედვარდ ტიჩის აღწერაში ჩანს.

შავწვერას მკვლელის, ლეიტენანტი რობერტ მეინარდის თქმით, ტიჩმა თავისი ზედმეტსახელი იმიტომ დაიმსახურა რომ, "წვერი გაიზარდა, შემდეგ კი მას შავი ლენტებით იკრავდა". ამ ამბის ჯონსონისეულმა ჩანაწერმა ისტორიას ის დრამა და ტერორი შემატა, რომელიც დღეს ამ პირატის სახელთანაა დაკავშირებული. "კაპიტანმა ტიჩმა ზედმეტსახელი შავწვერა თმის დიდი მოცულობის გამო მიიღო, რომელიც საზარელი მეტეორივით მთელ სახეს უფარავდა და ამერიკას იმაზე მეტად აშინებდა, ვიდრე ნებისმიერი კომეტა, რაც კი იქ ოდესმე გამოჩენილა", — წერს ის.

ზოგადმა ისტორიამ დიდი გავლენა იქონია იმაზე, თუ როგორი წარმოდგენა გვაქვს დღეს ისეთ ისტორიულ ფიგურებზე, როგორიც შავწვერაა. თუმცა მკვლევრის გადმოსახედიდან, ჯონსონის ლიტერატურული ნიჭი შეუძლებელია, მისი სანდოობის მიმართ ეჭვს არ აღძრავდეს. ნამდვილი ედვარდ ტიჩი ჯონსონამდე პერიოდის წყაროებშია პირველად მოხსენიებული. და, მართალია, ეს შავწვერა მნიშვნელოვნად განსხვავდება მისი მხატვრული ნახევრისგან, მაგრამ ის არანაკლებ გასაოცარია.

ედვარდ ტიჩის ცხოვრება

ტიჩის ადრეული გამოსახულება, რომელიც მისი სიკვდილიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგაა შესრულებული.

ფოტო: Douglas Botting / Wikipemedia Commons

ისტორიკოსები დიდხანს ეძებდნენ ედვარდ ტიჩის არსებობის დამადასტურებელ სანდო წყაროებს. იქნება ეს მისი დაბადების თარიღი თუ ადგილი — დანამდვილებით არაფერია ცნობილი. ისტორიკოსები იმაზეც კი ვერ თანხმდებიან, თუ როგორ იწერება მისი გვარი, რომელიც წყაროებსა და კვლევებში სხვადასხვაგვარადაა მოხსენიებული: Thatch, Teach, Tache, Thache და Teache.

ბევრს სჯერა, რომ ის ბრისტოლში დაიბადა, თუმცა ამის მტკიცებულება არ არსებობს. სხვა ისტორიკოსების მოსაზრებით, ის ახალი ინგლისის შეძლებული ოჯახიდან იყო. ერთმა გენეალოგიურმა კვლევამ კი შავწვერა იამაიკელი Taches-ების ოჯახსაც დაუკავშირა.

იმისდა მიუხედავად, თუ სად დაიბადა შავწვერა, აშკარაა, რომ ის სრულიად ანონიმურად იზრდებოდა. მეკობრედ გახდომამდე მისი სახელი არასდროს დაფიქსირებულა არცერთ სამთავრობო დოკუმენტში — იქნებოდა ეს კრიმინალური თუ ადმინისტრაციული. ასევე, ის არც გაუსამართლებიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი ლეგალური ჩანაწერი, რომელიც მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების შესახებ სანდო, დეტალურ ცნობებს მოგვაწვდიდა.

იმის უმეტესობას, რაც შავწვერას შესახებ ვიცით, იმ ადამიანთა მონაყოლი წარმოადგენს, რომლებიც შეხვედროდნენ მას და იმდენად იღბლიანები აღმოჩენილიყვნენ, რომ გადარჩენილან, რათა ამბავი მოეყოლათ. 1717 წელს ლივორდის კუნძულების გუბერნატორი შავწვერას შეხვდა, რომელიც მის წყლებში კიდევ ერთ მეკობრესთან, სტიდ ბონეტთან ერთად მოგზაურობდა. ლონდონში გაგზავნილ მოხსენებაში გუბერნატორი შეცდომით ვარაუდობს, რომ კარგად ჩაცმული და მჭევრმეტყველი ბონეტი — ყოფილი მიწათმფლობელი ბარბადოსიდან — მთელი ოპერაციის ხელმძღვანელი იყო.

ჯონსონის მტკიცებით, შავწვერას მეკობრული კარიერა მაშინ დაიწყო, როდესაც ის ბენჯამინ ჰორნიგოლდს ფლორიდის სანაპიროზე შტორმის მიერ გამორიყული ესპანური გემების გაქურდვაში დაეხმარა. შავწვერა რეგიონიდან გააძევეს, რის შემდეგაც ის პროვიდენსში გადასახლდა. აქ მან განადგურებული გემების გაქურდვა უკან მოიტოვა და ბონეტთან და ჰორნიგოლდთან ერთად ევროპასა და ამერიკას შორის მოგზაური სატვირთო მზიდავების დაყაჩაღებაში გაიწაფა.

შავწვერას თეატრალურობამ და დადგმულმა გამოსვლებმა მას ატლანტის ოკეანის ორივე სანაპიროზე მალევე გაუთქვა სახელი. The Boston News-Letter-ის რეპორტაჟებმა გუბერნატორის მოსაზრების სიმცდარეს ნათელი მოჰფინეს: მათ თქვეს, რომ მეკობრეთა ფლოტი, რომელიც 150 კაცისა და 13 ხომალდისგან შედგებოდა, შავწვერას და მხოლოდ შავწვერას დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ისინი ძარცვავდნენ ყველაფერს, რაც მოესურვებოდათ, ხოლო იმას, რაც არ სჭირდებოდათ, ოკეანეში ყრიდნენ. ამან ბიზნესის მრავალ მფლობელს აუტკივა თავი.

შავწვერას სიკვდილი

ტიჩის კიდევ ერთი ადრეული გამოსახულება, ამჯერად 1724 წლიდან.

ფოტო: Defoe, Daniel; Johnson, Charles / Wikimedia Commons

ჯონსონის მტკიცებით, შავწვერას ეკიპაჟი შექმნიდან მალევე დაიშალა. რაც შეეხება თვითონ მას, შავწვერამ გუბერნატორის შეწყალება მიიღო და ცოლთან ერთად ქალაქ ბათში დასახლდა. თუმცა მას მეკობრეობა დიდი ხნით არ მიუტოვებია და აფრები წელიწადზე ნაკლებ დროში აუშვა. ამჯერად შავწვერას თავაშვებულობამ მალევე მიიპყრო სამეფო ფლოტის ყურადღება.

შავწვერას სიკვდილი იმ მოვლენათა ჯაჭვმა გამოიწვია, რომელიც ალექსანდერ სპოტსვუდის ვირჯინიის გუბერნატორად დანიშვნით დაიწყო. სპოტსვუდის მიზანი ამერიკულ კოლონიებში მეკობრეობის დასრულება იყო. ის ამ სიტუაციას თავისი კოლეგის, ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორის უმოქმედობას აბრალებდა. სპოტსვუდმა ლეიტენანტ რობერტ მეინარდს უბრძანა, ოკრაკოკის სრუტეში, ჩრდილოეთ კაროლინის მისადგომთან არსებულ შესართავთან ჩასაფრებოდა ტიჩს.

სტრატეგიულმა გეგმამ შედეგი გამოიღო — შავწვერას ძალები მალევე დამარცხდნენ. ოფიციალურ ჩანაწერში, რომელიც ბრძოლის შემდეგ გაკეთდა, გუბერნატორი სპოტსვუდი ახსენებს, რომ შავწვერას ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრისთვის ნაბრძანები ჰქონდა, ხომალდის ტყვია-წამლით სავსე კაბინა იმ შემთხვევაში აეფეთქებინა, თუკი მათ თავს ფლოტი დაესხმებოდა. მაგრამ ეკიპაჟის მეორე წევრმა პირველს შავწვერას ბრძანების შესრულება გადაარწმუნებინა.

შავწვერას ამბების მთავარმა გამშუქებელმა, The Boston News-Letter-მა ხმლებით ბრძოლა შთამბეჭდავად აღწერა:

მეინარდი და ტიჩი ერთმანეთს ხმლებით შეერკინნენ. მეინარდმა პირველმა შეუტია, მისი ხმლის წვერი ტიჩის სავაზნე ყუთს ჩაესო და მახვილი ვადამდე გადაღუნა. ტიჩმა მოახერხა თავის გათავისუფლება და მეინარდს თითებზე ჭრილობა მიაყენა, თუმცა მისი განიარაღება ვერ შეძლო. ამ დროს ის უკან გადახტა, მახვილი გადააგდო და დამბაჩიდან გაისროლა. ტიჩი დაიჭრა. დემელტი მათ შორის ჩადგა და თავისი ხმლით ტიჩს სახე მძიმედ დაუსერა. [...] მეინარდის ერთ-ერთმა კაცმა (წარმოშობით მთიელმა შოტლანდიელმა) ტეჩს ორპირი მახვილით შეუტია და მეკობრეს ყელზე ჭრილობა დაუტოვა. "ყოჩაღ, ბიჭო", — უთხრა მას ტიჩმა, რაზეც მთიელმა უპასუხა, რომ "თუ საკმარისად ვერ იყოჩაღა, უკეთაც იზამდა". ამის თქმასთან ერთად მან მეორედ მოიქნია მახვილი, რამაც ტიჩს თავი მოჰკვეთა.

1718 წლის ნოემბერი.

შავწვერას გახრწნილი თავი გემის ცხვირზე მიაბეს, რათა უკან დაბრუნებისას ხალხისთვის ენახებინათ. როდესაც ვირჯინიის სანაპიროს მიაღწიეს, თავი გუბერნატორ სპოტსვუდს გადასცეს, რომელმაც ის შუბის წვერზე ჩამოაცვა და ჰემპტონ რივერისა და ჰემპტონ როუდის გადაკვეთის ადგილას აღმართა. შავწვერას თავის ქალა საბოლოოდ მაინც ჩამოხსნეს.

ურბანული ლეგენდის მიხედვით, თავის ქალის ზედა ნაწილი ვერცხლით იყო მოპირკეთებული და ჩესაპიკის ყურის გარშემო არსებულ ტავერნებში მას სასმისად იყენებდნენ. დღეს თავის ქალის ორივე ნაწილი დაკარგულია. მის პოვნამდე კი შავწვერას კულტურული მემკვიდრეობის ეს ნაწილი — ისევე, როგორც ჯონსონის ზოგადი ისტორიის დაუზუსტებელი დეტალები — სკეპტიკური სიფრთხილით უნდა მივიღოთ.