გირჩის ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ნაციონალური მოძრაობა უნდა დაიშალოს, რა შემთხვევაშიც, ქართულ ოცნებას "სხვა თამაშის შემოტანა მოუწევს", რადგან იმავეს ვეღარ გაიმეორებს, როცა ენმ მოწინააღმდეგე აღარ იქნება. ამის შესახებ მან გადაცემა თავისუფალ სივრცეში ისაუბრა.

"მთელი პოლიტიკური სპექტრი ერთგვარ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ ამ ქოც-ნაცური დაპირისპირების ფონზე. მთელი ქვეყანა არის რაღაც ტოქსიკური ურთიერთობების მორევში, რომ ვიღაც ებრძვის ერთმანეთს, ნაცები, ქოცები. რამდენი წელია ვცხოვრობთ ამ ტელევიზიებისა თუ პოლიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ლეგენდაში, რომ მთელი ერი ვართ თითქოს ერთმანეთთან დაპირისპირებაში — ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ.

სხვანაირად ეს არ მთავრდება, ამიტომ, თუ გვინდა დავამთავროთ, მთავარი მოწინააღმდეგე უნდა დაიშალოს. ეს ხომ რაღაც სიმბოლოა? ეს ადამიანები აქ რჩებიან და ყველა იქნება პოლიტიკაში რაღაც ფორმით, მაგრამ ნაციონალური მოძრაობა და ზოგადად 5 ნომერი, რაღაცნაირად, არ უნდა იყოს შემდეგ არჩევნებზე", — განაცხადა მან.

მისი თქმით, მმართველი პარტია 10 წლის განმავლობაში ნაციონალურ მოძრაობას იყენებს და "ვერავინ ვერ მიხვდა, რომ რამე აქეთ შეცვალოს, რადგან მეორე საპრიზო ადგილს ვერავინ თმობს".

"ქართული ოცნება სულ, 10 წლის განმავლოაბაში ამას იყენებს და ვერავინ ვერ მიხვდა, რომ რამე აქით შეცვალოს, რადგან ვერავინ ვერ თმობს ამ მეორე საპრიზო ადგილს. თუმცა მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში და ჩემი აზრით, კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ სააკაშვილიც აღმოჩნდეს სამკურნალოდ და ნაციონალური მოძრაობაც დაიშალოს და ჩვენც, მთელს ქვეყანას მოგვეცეს ცხოვრების ახლებურად დაწყების საშუალება", — აღნიშნა ხვიჩიამ.