ბრიტანელმა მკვლევრებმა კანის უჯრედებში დაბერების პროცესის შესაცვლელად ახალი მეთოდი შეიმუშავეს. მათ ბიოლოგიური საათი დაახლოებით 30 წლით უკან დააბრუნეს.

უჯრედების გაახალგაზრდავება სულ უფრო ხშირად ხდება ბოლო ათწლეულის განმავლობაში. მკვლევრები თაგვის, ვირთხისა და ადამიანის უჯრედების გადაპროგრამირების მრავალ ტიპზე მუშაობენ. თუმცა, აქამდე უჯრედები ამდენით არ გაუახალგაზრდავებიათ. რაც მთავარია, უჯრედებმა კვლავ შეინარჩუნეს თავისი სპეციფიკური ტიპი და ფუნქცია.

მეთოდი, რომელიც შეიმუშავა დილჯიტ გილმა, კემბრიჯის ინსტიტუტის დოქტორანტმა და მისმა კოლეგებმა, გამოქვეყნდა ჟურნალში eLife. მას უწოდეს "მომწიფების ფაზის გარდამავალი რეპროგრამირება".

ასევე: რატომ ვბერდებით და შეგვიძლია თუ არა ამის თავიდან აცილება

მკვლევრებმა გამოიყენეს ეს ტექნიკა ფიბრობლასტებზე (კანის უჯრედის საერთო ტიპი) სამი საშუალო ასაკის დონორისგან, რომლებიც საშუალოდ დაახლოებით 50 წლის იყვნენ. ამის შემდეგ შეადარეს ისინი 20-დან 22 წლამდე ასაკის დონორების ახალგაზრდა უჯრედებს. მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ეს სხვადასხვა ასაკის უჯრედები მსგავსები იყო, როგორც ქიმიურად, ასევე გენეტიკურად. შემდგომი შესწავლისას, ჯგუფმა შენიშნა, რომ ტექნიკა გავლენას ახდენდა ასაკთან დაკავშირებული დაავადებების გენებზეც, როგორიცაა ალცჰეიმერი და კატარაქტი.

მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ გაახალგაზრდავებული უჯრედები სწრაფად მოძრაობდნენ დაზიანებების შესავსებად — ისევე, როგორც ახალგაზრდა უჯრედები იქცევიან ჭრილობების შეხორცებისას. აქამდე უჯრედის გადაპროგრმირებას 50 დღეზე მეტი სჭირდებოდა, გილის მეთოდს მხოლოდ 13 დღე სჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ მომწიფებული უჯრედების ღეროვან უჯრედებად გადაქცევა შესანიშნავია კვლევისთვის, სრული რეპროგრამირების პროცესი არ არის იდეალური თერაპიული საშუალებებისთვის. სრულად რეპროგრამირებული უჯრედები კარგავენ იდენტობას და სპეციალიზებულ უჯრედულ ფუნქციებს. ასეთ დროს, ეს სრულად რეპროგრამირებული უჯრედები შეიძლება იქცეს სიმსივნედ.

"ჩვენი შედეგები წარმოადგენს დიდ წინსვლას უჯრედების რეპროგრამირების მხრივ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ უჯრედების გაახალგაზრდავება შესაძლებელია მათი ფუნქციის დაკარგვის გარეშე და რომ გაახალგაზრდავება მიზნად ისახავს ძველი უჯრედების გარკვეული ფუნქციის აღდგენას", — ამბობს გილი.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ნამუშევარი ძალიან პერსპექტიულია, გილი და მისი კოლეგები აღიარებენ, რომ მიზანი ჯერ ბოლომდე მიღწეული არაა. ავტორებმა თქვეს, რომ ისინი არ არიან დარწმუნებულნი, როგორ რეაგირებენ ახალგაზრდა ან ხანდაზმული ადამიანების ფიბრობლასტები ახალ რეპროგრამირების მეთოდზე.

"საბოლოოდ, ჩვენ შეგვიძლია გამოვავლინოთ გენები, რომლებიც გაახალგაზრდავებაზე არიან პასუხისმგებელნი და ეს რეპროგრამირების გარეშე. ეს დაბერების შედეგების შესამცირებლად უმნიშვნელოვანესი იქნება", — ამბობენ მკვლევრები.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.