ვეტერინარები ხშირად გვირჩევენ, რომ ძაღლებს ადამიანებისათვის განკუთვნილი საკვები არ მივცეთ, თუმცა შოკოლადის მიმართ მათი აკრძალვები მეტად მკაცრია. მაშ, რა აქვს ამ ტკბილეულს ისეთი, რის გამოც ძაღლებისთვის მისი მიღება არ შეიძლება?

VCA Animal Hospitals-ის მიხედვით, შოკოლადი ნივთიერებებს თეობრომინსა და კოფეინს შეიცავს. ისინი სტიმულატორებია, რომელთა მონელებაც ძაღლის ორგანიზმს ისე მარტივად არ შეუძლია, როგორც ადამიანს. თეობრომინი და კოფეინი ჩვენი ოთხფეხა მეგობრების სხეულში გროვდება და ფიზიოლოგიურ ფუნქციებს აჩქარებს, შედეგად კი სახიფათო გვერდით ეფექტებს იწვევს.

ძაღლზე შოკოლადის გავლენა როგორც მასში თეობრომინისა და კოფეინის შემცველობაზე, ასევე მიღებულ რაოდენობაზეა დამოკიდებული. გასათვალისწინებელია ძაღლის წონა და სტიმულატორებისადმი მგრძნობიარობაც.

შავი, მწარე შოკოლადი ძაღლებისათვის უფრო მომწამვლელია, რადგან თითო მისხალზე რძიან შოკოლადთან (45-58 მილიგრამი) შედარებით მეტ თეობრომინს შეიცავს (130-450 მილიგრამი). მეორე მხრივ, თეთრი შოკოლადი მისხალზე 0.25 მილიგრამ თეობრომინს შეიცავს და, შესაბამისად, ძაღლებისთვის ნაკლებად სახიფათოა.

რა სიმპტომებით გამოიხატება ძაღლებში შოკოლადით მოწამვლა?

როგორც წესი, მოწამვლის პირველი სიმპტომები შოკოლადის მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ ვლინდება. American Kennel Club-ის მიხედვით, მათ შორის შეიძლება იყოს: გადამეტებული ნერწყვდენა, გაძლიერებული წყურვილი, ხშირი სუნთქვა და შარდვა, გულისრევა და დიარეა. შესაძლოა, ძაღლს გულისცემა აუჩქარდეს, ასევე, მოუსვენრობა და ნერვიულობა დაეწყოს — დაახლოებით ისე, როგორც კოფეინისადმი მგრძნობიარე ადამიანებს ემართებათ ბევრი ყავის მიღებისას.

სერიოზულ შემთხვევებში შესაძლოა, შოკოლადის მიღებისაგან გამოწვეულმა არარეგულარულმა გულისცემამ სისხლის მიმოქცევა შეამციროს, რის შედეგადაც სხეულის ტემპერატურა დაეცემა. ყველაზე მძიმე სიმპტომებია: ლეთარგია, კუნთის სპაზმები, კრუნჩხვები და კომა, რომელიც ზოგჯერ სიკვდილითაც სრულდება. გამომდინარე იქიდან, რომ თეობრომინს ხანგრძლივი ნახევრად დაშლის პერიოდი აქვს, სხეულს მის გადასამუშავებლად დიდი დრო სჭირდება, ამიტომაც შესაძლოა, შოკოლადით მოწამვლა დღეების განმავლობაში გაგრძელდეს.

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ძაღლი შოკოლადს იღებს, მაგრამ ზემოხსენებული სიმპტომებიდან არც ერთი არ აღენიშნება. ეს იმით აიხსნება, რომ მნიშვნელობა მიღებული ტოქსინების რაოდენობასაც აქვს.

როგორ შველის ვეტერინარი შოკოლადით მოწამლულ ძაღლს?

AKC-ს თუ დავუჯერებთ, როგორც წესი, ვეტერინარი შოკოლადით მოწამვლას ღებინების გამოწვევით ან აქტივირებული ნახშირის დანიშვნით მკურნალობს, რათა ძაღლის საჭმლის მომნელებელი სისტემიდან ტოქსინები მანამ გამოიდევნოს, სანამ ისინი სისხლის მიმოქცევის სისტემაში მოხვდება. მოწამვლის სერიოზულობის მიხედვით, შესაძლოა, სხვა მედიკამენტებისა თუ სითხეების მიღებაც გახდეს საჭირო.

რამ შეიძლება იქონიოს გავლენა ძაღლის რეაქციაზე?

დოქტორი გრეგ ნელსონის თქმით, შოკოლადზე ძაღლის რეაქცია ცხოველის ზომაზეცაა დამოკიდებული. მაგალითად, ერთი და იმავე რაოდენობის შოკოლადს უფრო თვალსაჩინო გავლენა ექნება ჩიხუახუაზე (საშუალო მასით 1.8-2.7 კილოგრამი), ვიდრე სენტ ბერნარდზე (შესაძლოა, იგი 81.6 კილოგრამსაც კი იწონიდეს).

"ასი მილიგრამი თეობრომინი და კოფეინი ძაღლის მასის თითო კილოგრამზე უკვე სასიკვდილო დოზაა", — განაცხადა ნელსონმა Live Science-თან საუბრისას — "შოკოლადის სხვადასხვა პროდუქტს თეობრომინისა და კოფეინის განსხვავებული შემცველობა აქვს".

მართალია, ყველაზე საშიში შავი, მწარე, შოკოლადია, მასთან შედარებით კი რძიანი შოკოლადი ნაკლებად სახიფათოა, თუმცა ნელსონი გვაფრთხილებს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი ნებისმიერი ტიპის შოკოლადის მიღებისას ვეტერინარს დავუკავშირდებით და ძაღლს შესაბამის ყურადღებას მივაქცევთ.

საგულისხმოა ისიც, რომ დღესასწაულებზე, მათ შორის აღდგომის პერიოდში, შოკოლადით მოწამვლის მაჩვენებელი იზრდება. ჟურნალში Vet Record გამოქვეყნებულ ნაშრომს თუ დავეყრდნობით, შესაძლოა, ძაღლები შოკოლადით ნებისმიერ დროს მოიწამლონ, თუმცა მეტი შანსია, ეს სხვადასხვა დღესასწაულის, მაგალითად შობის ან აღდგომის, დროს მოხდეს, რადგან გარემოში მეტი შოკოლადია. შობის პერიოდში ოთხჯერ დიდია იმის შანსი, რომ ძაღლს ვეტერინართან ვიზიტი დასჭირდება; აღდგომის შემთხვევაში კი წელიწადის სხვა პერიოდებთან შედარებით რისკი ორჯერაა გაზრდილი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.