მარიუპოლის მცველები მიმართავენ მსოფლიოს და მოუწოდებენ, აზოვსტალიდან გაიყვანონ მესამე ქვეყანაში ყველა, ვინც სამხედრო გარნიზონშია. უკრაინის 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაურის, სერგეი ვოლინსკის თქმით, იქაა 500-მდე დაჭრილი ჯარისკაცი, ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ქალები და ბავშვები.

"მივმართავთ მსოფლიოს, ეს შეიძლება, იყოს ჩვენი უკანასკნელი მიმართვა. შეიძლება, სულ რამდენიმე დღე ან საათი დაგვრჩა. მტრის დაჯგუფება ჩვენზე ათჯერ მეტია. მათ აქვთ დომინირება ჰაერში, არტილერიაში, ხმელეთზე მოქმედ დაჯგუფებებში, ტექნიკასა და ტანკებში.

ჩვენ ვცდილობთ, დავიცვათ ერთი ობიექტი, ქარხანა, სადაც მარიუპოლის გარნიზონის სამხედროები და ომის ხაფანგში ჩავარდნილი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დაგვიხმარონ.

გადაგვიყვანონ მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყველა ჩვენგანი. მარიუპოლის სამხედრო გარნიზონში ჩვენთან ერთად არის 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცი და ასობით მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ქალები და ბავშვები. ჩვენ გთხოვთ, მოგვცეთ უსაფრთხოება მესამე სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მადლობა", — ამბობს ის ვიდეომიმართვაში.

გუშინ, 19 აპრილს იბომბებოდა აზოვსტალის ქარხანა. მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, მიწისქვეშა თავშესაფარში 1 000 მშვიდობიანი მოქალაქეა, ძირითადად ბავშვები, ქალები და მოხუცები. გამოცემა Meduza წერს, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და დე ფაქტო დონეცკის რესპუბლიკა აზოვსტალის ქარხანაში მოქალაქეების ყოფნას უარყოფს.

19 აპრილს დე ფაქტო დონეცკის რესპუბლიკამ თქვა, რომ აზოვსტალზე შეტევა დაიწყეს. ისინი აღნიშნავენ, რომ შეიარაღებითა და არტილერიით რუსი საოკუპაციო ძალები ეხმარებიან.

მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ "წმინდა ჰუმანური პრინციპების ხელმძღვანელობით" კიდევ ერთხელ სთავაზობენ მარიუპოლში მყოფ მებრძოლებს ცეცხლის შეწყვეტას. მათი მტკიცებით, არ მოკლავენ არავის, ვინც ტყვედ ჩაბარდება.

მხოლოდ აპრილში რუსეთის მხრიდან მარიუპოლის მცველებისთვის დანებების შესახებ ეს უკვე მესამე მოწოდებაა. ოკუპენტებმა იგივე გააჟღერეს 4 და 17 აპრილს, თუმცა ორივე შემთხვევაში მარიუპოლის სამხედროებმა უარის განუცხადეს და ქალაქის დაცვა გააგრძელეს.

დღეს მარიუპოლის მერის მრჩეველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალები აზოვსტალსა და მიმდებარედ დასახლებულ სექტორს უტევენ. მისი თქმით, ისინი ტერიტორიას ბომბავენ და იყენებენ მძიმე არტილერიას. როგორც პეტრ ანდრიუშჩენკო აცხადებს, რუსეთის ძალები მაიდენტიფიცირებელი თეთრი ლენტებით, მშვიდობიან მოსახლეობას სნაიპერების სატყუარად იყენებენ.

მარიუპოლი ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ალყაშია, ის ხშირად გახდა თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, მშვიდობიან მოსახლეობაზე. ოკუპანტები სწორედ მარიუპოლში თავს დაესხნენ სამშობიაროს და ბავშვთა საავადმყოფოს. მათ ასევე დაბომბეს თეატრი, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს. განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა.

იკრაინის მაღალი თანამდებობის პირები ამბობენ, რომ ქალაქი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობენ, რომ მარიუპოლი მოლაპარაკებების პროცესში, შესაძლოა წითელი ხაზი გახდეს.

იმისთვის, რომ არ გამოგრჩეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სიახლეები, შემოგვიერთდით ჯგუფში — რა ხდება უკრაინაში