ნიდერლანდებში მდებარე რედბოდის უნივერსიტეტში მომუშავე მიკრობიოლოგთა განცხადებით, სათბურის აირებისგან გარემოს გაწმენდა არც მეტი, არც ნაკლები, ბაქტერიების მეშვეობითაა შესაძლებელი. მათ ლაბორატორიულ პირობებში ამის დემონსტრირება ისეთი მიკროორგანიზმების გამოყენებით მოახერხეს, რომლებიც მეთანით (CH4) საზრდოობენ და მისი შთანთქმისას ელექტრობას გამოიმუშავებენ.

ეს ბაქტერია Candidatus Methanoperedens გახლავთ, რომელიც არქეების ტიპში ერთიანდება და მტკნარ წყალში ბინადრობს. ბინარული ნაერთი მეთანი მას ზრდაში ეხმარება. ნიდერლანდებში ის, ძირითადად, აზოტით დაბინძურებულ ზედაპირსა და მიწისქვეშა რეზერვუარებში გვხვდება. ეს ერთუჯრედიანი არსებები ნიტრატებს მეთანის დასაშლელად მოიხმარენ.

სპეციალისტებს მიკროორგანიზმებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესის შესწავლა სურდათ და აინტერესებდათ, რამდენად შეიძლებოდა ამ გზით ელექტროენერგიის მიღება.

"ეს ენერგოსექტორისთვის ძალიან გამოსადეგი იქნება. ამჟამად, ბიოგაზის სადგურებში მიკროორგანიზმები გამოიმუშავებენ მეთანს, რომელიც იწვება, რაც ელექტრობის მისაღებად ტურბინების მოძრაობას უწყობს ხელს. გვინდა გავიგოთ, რამდენად გვაქვს საშუალება, რომ მიკრობები უკეთ გამოვიყენოთ", — ამბობენ მკვლევრები.

ცოცხალი ბატარეა

აღსანიშნავია, რომ იმავე ქვეყანაში მოღვაწე მეცნიერებმა ამგვარი სახის ანამოქსურ ბაქტერიებზე კვლევა უკვე ჩაატარეს. ისინი მეთანის ნაცვლად, ამიაკს მოიხმარენ, მაგრამ პროცესი, თითქმის ანალოგიურია.

გამოცემაში Frontiers in Microbiology ახლახან გამოქვეყნებული ნაშრომის ავტორებმა, Candidatus Methanoperedens-ის ზემოხსენებული უნარის მეშვეობით, ერთგვარი ბატარეა შექმნეს, რომელიც ბიოლოგიურ და ქიმიურ სისტემებს შეიცავს. მათ ბაქტერია ერთ-ერთ ელექტროდზე გაზარდეს, რომელსაც მისგან, მეთანის შთანთქმისას, ელექტრონები გადაეცემოდა.

მათ ელექტრობად CH4-ის 31 პროცენტი გადააქციეს, თუმცა უკეთესი შედეგის მიღწევა სურთ, რისთვისაც სისტემის გაუმჯობესებას გეგმავენ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.