2022 წელს გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელიზაბეთ II "პლატინის იუბილეს" — ტახტზე ყოფნის 70 წლისთავს — აღნიშნავს. ამ განსაკუთრებული თარიღის საზეიმოდ 31 ქვეყნის მკითხველების რეკომენდაციით ლიტერატორებმა ბოლო 70 წლის განმავლობაში, თანამეგობრობის ქვეყნებში გამოცემული 70 წიგნი შეარჩიეს — ათი თითოეული ათწლეულიდან. ჩამონათვალში ნახავთ მხევლის წიგნს, წვრილმანების ღმერთს, მექანიკურ ფორთოხალსა და სხვა ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ სახელებს. თუმცა, მკითხველების ნაწილს თვალში ერთი სათაური დააკლდა — ჰარი პოტერი საიუბილეო სიაში ვერ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი საგის პირველი წიგნი — ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა — მკითხველების არჩეულ გრძელ სიაში, 153 წიგნს შორის, მოხვდა. თუმცა, როცა ჩამონათვალი თითქმის განახევრდა და 70 წიგნამდე შემცირდა, ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი წიგნების სერიის პირველი ტომი მასში აღარ იყო.

"ჯოან როულინგზე დიდი განხილვა გვქონდა", — აღნიშნავს სიის ერთ-ერთი შემდგენელი, ემერიტუს პროფესორი სუშილა ნასტა, — "საბოლოოდ, მისი ადგილი დაეთმო ამდენადვე კარგს, მაგრამ ნაკლებად ცნობილ ნაწარმოებს. ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღება მართლაც რთული იყო".

არც ნასტას და არც BBC Arts-ს, რომელიც ასევე მონაწილეობდა წიგნების შერჩევაში, როულინგთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ამბები არ უხსენებიათ.

ჰარი პოტერი კი, რომლის ადგილიც სიაში "ამდენადვე კარგმა, მაგრამ ნაკლებად ცნობილმა ნაწარმოებმა" დაიკავა, დღემდე რჩება მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნაწარმოებად. მსოფლიოში პოტერიადის წიგნების ნახევარ მილიარდზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნების მიხედვით გადაღებულმა 8 ფილმის შემოსავალმა კი ჯამში $7,7 მილიარდს გადააჭარბა.

რა ხდება როულინგის თავს

ფოტო: Getty Images

იმის მიუხედავად, რომ ჰარი პოტერი წლების შემდეგაც რჩება ფანების საყვარელ ისტორიად, ბოლო წლებში საგის ავტორი, ჯოან როულინგი, კრიტიკის ქარცეცხლში არაერთხელ გაეხვა. მიზეზი დიდწილად მისი შეხედულებები გახდა — მწერალი ბევრჯერ დაადანაშაულეს ტრანსფობიაში.

თავდაპირველად, ამის საფუძველი მკვლევარ მაია ფორსტეიტერის დაცვა გახდა. ეს უკანასკნელი სამსახურიდან ტრანსფობიური განცხადების — "კაცებს ქალად გახდომა არ შეუძლიათ" — გამო დაითხოვეს. მოგვიანებით, როულინგმა ტვიტერზე დაწერა, რომ "ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა". შემდეგ, მწერალი თავის დეტექტიურ რომანში ბოროტმოქმედად "ქალად გადაცმული კაცის" გამოყვანისთვის გააკრიტიკეს.

კრიტიკამ კი სხვადასხვაგვარი ფორმა მიიღო — ტიკტოკის მომხმარებლები ჰარი პოტერის წიგნებსაც კი წვავდნენ. რამდენიმე თვის წინ როულინგმა ტვიტერზე ასევე დაწერა, რომ თავისი სახლის მისამართი "სამმა აქტივისტმა" გაასაჯაროვა. ეს ფაქტი სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ და შოტლანდიის პოლიციამ აღკვეთეს, თუმცა, მწერლის თქმით, მან სიკვდილის მუქარებიც კი მიიღო.

მწერლისადმი "მიმართული სიძულვილის ტალღა" არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის, ჯადოსნური არსებების მსახიობმა ედი რედმეინმა დაგმო.

რამდენიმე თვის წინ როულინგმა ტვიტერზე სტატიაა გააზიარა, სადაც ნათქვამი იყო, რომ "პოლიცია კაცის გენიტალიების მქონე გამაუპატიურებელს ქალად აღნიშნავს, თუკი თავდამსხმელი საკუთარ თავს ქალად აიდენტიფიცირებს".

"ომი მშვიდობაა. თავისუფლება ტყვეობაა. უგუნურება ძალაა. პენისიანი ინდივიდი, რომელმაც გაგაუპატიურა, ქალია", — დაწერა მწერალმა ტვიტში.

სხვათა შორის, როულინგი არ მიუწვევიათ ჰარი პოტერის 20 წლის საიუბილეო გადაცემაში. საათნახევრიან სპეცეპიზოდში პოტერიადის შემქმნელი ჯამში წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში, არქივიდან ამოღებული კადრებით აჩვენეს. მწერალთან გასამიჯნად ქვიდიჩის მსოფლიო ასოციაციებმაც გადაწყვიტეს სახელის შეცვლა. ავტორი რამდენიმე კვირის წინ ასევე ანტისემიტიზმშიც დაადანაშაულეს.

აღსანიშნავია, რომ როულინგმა — მსოფლიოში პირველმა მწერალმა, რომელმაც წერით მილიარდი დოლარი გამოიმუშავა — თავისი დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაციის მეშვეობით ცოტა ხნის წინ უკრაინის ომის დროს დაზარალებული ბავშვებისა და ბავშვთა სახლების დახმარება გადაწყვიტა.

ნახეთ ჩვენი ყველა მასალა ჰარი პოტერზე.