სინესთეზია გახლავთ აღქმისმიერი ფენომენი, რომლისთვისაც საკმაოდ უჩვეულო შეგრძნებებია დამახასიათებელი. მაგალითად, ზოგი ადამიანი ციფრებსა და ასოებს კონკრეტულ ფერებთან აკავშირებს ან თარიღებს სივრცულ ადგილს უჩენს.

თავად სარკული შეხების სინესთეზია არის მდგომარეობა, რომლის დროსაც იმას ვგრძნობთ, რასაც სხვები, თუმცა ეს ნორმალური ემპათიის საზღვრებს სცდება. კერძოდ, საუბარია ფიზიკურ შეგრძნებებზე. შეიძლება, სინესთეზმა ინდივიდმა სათვალიანი ადამიანი დაინახოს და ცხვირზე ისეთი სიმძიმე იგრძნოს, როგორიც ამ აქსესუარის ტარებას ახასიათებს. ისეც ხდება, რომ მათ სხვებისნაირად სტკივათ, როცა მსგავს სიტუაციაში მყოფს (წაქცეულს, დასახიჩრებულს და ა,შ.) პირდაპირ უყურებენ.

რა იწვევს სარკული შეხების სინესთეზიას?

უნდა ითქვას, რომ, ზოგადად, ჩვენთვის სხვის ადგილას საკუთარი თავის წარმოდგენა უცხო ნამდვილად არაა, რასაც თანაგრძნობით გამოვხატავთ ხოლმე. მაგრამ არსებობს გარკვეული ზღვარი, სადაც ნორმალური ემპათია მთავრდება და რომლის იქითაც ეს რეაქცია ზედმეტად აქტიურდება. იმდენად, რომ გარეშე პირის გამოცდილებას ფიზიკურ დონეზე ვიზიარებთ.

მეორე მოსაზრების თანახმად, სინესთეზებს თავიანთი თავის სხვებისგან გამიჯვნა უჭირთ. მეცნიერების თქმით, მათ ტვინში, საფეთქელ-ყიფლიბანდის საზღვრის მიმდებარედ, რუხი ნივთიერების ნაკლებობა აღენიშნებათ, რაც სწორედ მსგავს პრობლემაზე მიუთითებს.

არის თუ არა ეს საშიში?

ეს მდგომარეობა საშიში არაა, თუმცა იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ის მძიმე ფორმებში აქვთ, შესაძლოა ძალზე დამღლელი და დამაზიანებელი იყოს.

მაგალითად, ერთი-ერთი სინესთეზის მონათხრობის თანახმად, ის შეესწრო, როგორ დაარტყა ბავშვმა თავი წაქცევისას, დასახმარებლად გაქცევისას კი მას თვალები დაებინდა, მუხლებზე დაეცა და თავი ასტკივდა. თანაც ისე, რომ საშველად მისასვლელად გაბობღება მოუწია.

არსებობს ეგზისტენციალური პრობლემებიც, რომლებიც ისევ და ისევ სხვებისგან გამიჯვნის სირთულეს უკავშირდება. მითუმეტეს მაშინ, როცა მეგობრები თუ უბრალო ნაცნობები ჩვენზე გავლენას ისედაც ახდენენ. სინესთეზს შესაძლოა, საკუთარი ხასიათის, თვისებების, მიმიკების ნამდვილობაში შეეპაროთ ეჭვი.

რა უნდა ქნათ, თუ სარკული შეხების სინესთეზია გაქვთ?

ზემოხსენებული ფენომენი მოსახლეობის მხოლოდ 2 პროცენტში ვლინდება, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ მათ შორის თქვენც იყოთ. თუ ეს ასეა, საგანგაშო არაფერია, მთავარია გაიაზროთ, რამდენად გაწუხებთ ეს.

ასევე, იხილეთ: რა არის ჟამევუ? — დეჟავუს "ბოროტი ტყუპისცალი"

ხშირ შემთხვევაში, ასეთი გადამეტებული ემპათიური შეგრძნებები მსუბუქად იჩენს თავს. 2017 წლის კვლევის მიხედვით, ამგვარი მძაფრი თანაგანცდა შემსუბუქდება ან გაქრება, თუ სხეულის პოზიციას შევიცვლით, რათა დაკვირვების ობიექტისას არ დაემთხვეს. ეფექტიანია ყურადღების გადატანაც.

ამას ისე შეხედეთ, როგორც საინტერესო განსხვავებას.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.