გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთსა და შეერთებულ შტატებში საავადმყოფოებს ბავშვებში ღვიძლის პრობლემების გამო მიმართავენ. უცნაურია, მაგრამ დაავადება არ არის გამოწვეული A, B, C, D და E ჰეპატიტით, ვირუსებით, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვევენ მსგავს პრობლემებს. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) ავრცელებს.

2022 წლის 5 აპრილს ჯანმოს ეცნობა უცნობი ეტიოლოგიის მძიმე მწვავე ჰეპატიტის 10 შემთხვევის შესახებ. შემთხვევები ცენტრალურ შოტლანდიაში, 10 წლამდე ასაკის ბავშვებში დაფიქსირდა. უკვე 8 აპრილისთვის გაერთიანებულ სამეფოში 74 შემთხვევა იყო გამოვლენილი. კვლევებმა ჰეპატიტის ვირუსები (A, B, C, E და D, სადაც ეს შესაძლებელია) გამორიცხა.

"ბოლო ერთი თვის განმავლობაში დაფიქსირებული შემთხვევების ზრდისა და კვლევების გათვალისწინებით, უახლოეს დღეებში სავარაუდოა, რომ მეტი შემთხვევა დაფიქსირდეს", — გვაფრთხილებს ჯანმო.

გარდა ამისა, ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა ირლანდიაში და სამი ესპანეთში. ასევე ცხრა მსგავსი შემთხვევა აღირიცხა აშშ-ში.

აშშ-ში ცხრავე შემთხვევა ალაბამაში დაფიქსირდა. ალაბამას საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტმა (ADPH) დაასახელა ამ საგანგაშო ჰეპატიტის შესაძლო კავშირი ადენოვირუს 41-თან, რესპირატორულ დაავადებასთან, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს უბრალო გაციებას. ჯანმომ ასევე დაადასტურა, რომ ადენოვირუსი 41 შეიძლება იყოს დაკავშირებული ამ შემთხვევებთან.

მეცნიერები ასევე ვარაუდობენ ამ ყველაფერში ირიბად შეიძლება კორონავირუსის კვალიც იყოს. პანდემიასთან დაკავშირებულმა ჩაკეტვებმა სხვა დაავადებების გავრცელებასაც შეუშალა ხელი. ახლა, როდესაც სამყარო ისევ იხსნება, სხვადასხვა დაავადებებს კვლავ მიეცემათ გავრცელების საშუალება. ამასთან, მიძინებულმა დაავადებებმა შეიძლება მუტაციებიც განიცადეს, რათა გავრცელება უფრო შესძლებოდათ.

თუმცა, ასევე არსებობს გარკვეული მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ კორონავირუსმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაზიანებაც. ზოგიერთ დაზარალებულ ბავშვს დადებითი პასუხი აქვს როგორც მძვინვარე ვირუსზე, ასევე ადენოვირუს 41-ზე. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრები და ალაბამას ხელისუფლება, ისევე როგორც ჯანმო კვლევებს აგრძელებენ რათა რაც შეიძლება მალე გაირკვეს თუ რასთან გვაქვს საქმე.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.