იმათ რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც სჯერა, რომ მეცნიერებას საოცარი სილამაზე აქვს. მეცნიერი თავის ლაბორატორიაში მხოლოდ ტექნიკოსი როდი გახლავთ: იგი ბავშვიცაა ბუნებრივი ფენომენის პირისპირ, რომელიც მას ზღაპრის მსგავსად აოცებს", — მარია სკლოდოვსკა კიური.

ცეცხლთან დაკავშირებით მტკივნეული მოგონებები, ალბათ, ყველას გვაქვს. მიუხედავად ამისა, ყველა ტიპის ალი, რომელიც იწვის, კანს სულაც არ წვავს — ანდა წვავს, თუმცა პატარა ხრიკების გამოყენებით მაინც შეიძლება ამის თავიდან არიდება.

სტატიაში ცეცხლის დანთების ორ ასეთ უჩვეულო ხერხს შემოგთავაზებ, თუმცა, უმჯობესია, მანამდე უშუალოდ წვის მეცნიერებას ჩავუღრმავდეთ:

წვის ქიმია

ცეცხლის დასანთებად სულ რაღაც სამი ინგრედიენტი — "ცეცხლის სამკუთხედი" — დაგჭირდებათ: ჟანგბადი, საწვავი და სითბოს წყარო. შენთვის უკვე ცნობილია, რომ ალი მაშინ წარმოიქმნება, როდესაც რაღაცას ცეცხლს ვუკიდებთ. ამ დროს მის გარშემო არსებული აირები ცხელდება და ელვარებას იწყებს.

ჟანგბადი, რომლის ნაკლებობასაც დედამიწაზე ჯერჯერობით არ ვუჩივით — ჩვენი პლანეტა დაახლოებით 1 200 000 მილიარდ ტონა ჟანგბადის აირს იტევს — სიცოცხლისა და ცეცხლის დანთებისათვის აუცილებელი კომპონენტია. წვისას რეალურად მარტივი ქიმიური პროცესი, ჟანგვა, მიმდინარეობს. ამ დროს საწვავი ჟანგბადს ერევა, რამდენიმე ქიმიური რეაქციის შედეგად კი სინათლისა და სითბოს სახით ენერგია გამოიყოფა.

ფოტო: Tenor

საწვავად შეგვიძლია მოვიაზროთ ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ჟანგბადის არსებობის პირობებში იწვის და პროცესში ენერგიას გამოყოფს. თეორიულად, გარემოში ყველაფერი საწვავია და ცეცხლი წაეკიდება, თუკი საკმარისად მაღალი ტემპერატურის ქვეშ მოვაქცევთ. მიუხედავად ამისა, ყოფა-ცხოვრებაში ხშირად აალებად ან ისეთ ნივთიერებებს ვიყენებთ, რომლებიც დაბალ ტემპერატურაზე იწვის, მაგ: ნახშირი, ნავთობი, ჰექსანი და სხვა.

საგულისხმოა, რომ საწვავი მასალა მხოლოდ მაშინ შევა ჟანგბადთან რეაქციაში, როცა აალების ტემპერატურაზე (ყველა ნივთიერებას თავისი აალების ტემპერატურა აქვს) ან უფრო მეტად გაცხელდება. დამატებით ენერგიას, რომელიც ამ ტემპერატურამდე მისაღწევად და ჟანგვის პროცესისთვის ბიძგის მისაცემადაა საჭირო, სითბოს გარე რესურსი უზრუნველყოფს. მაგალითად, სანთლის ასანთებად სითბოს გარე რესურსი ასანთია, საწვავი კი — თავად სანთელი, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებისგან შედგება.

ფოტო: Giphy

რატომ გვწვავს ცეცხლი?

მარტივია: კანზე ალის ან რაიმე სხვა საკმარისად ცხელი საგნის მოხვედრისას კანისა და ქსოვილების ტემპერატურა იმატებს, რაც უჯრედების კვდომასა თუ დანახშირებას იწვევს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ალს დამწვრობის გამოსაწვევად რამდენიმე წამი სჭირდება, ამიტომაც მასზე ხელის სწრაფად გადატარებისას კანი არ ზიანდება.

დამწვრობა შეიძლება, რამდენიმე ხარისხისა არსებობდეს, თითოეულ შემთხვევაში კი სხვადასხვა სტრუქტურა სხვადასხვა ხარისხით ზიანდება. შესაძლოა საფრთხე შეექმნას: ეპიდერმისსა და დერმისს — კანის პირველ ორ შრეს, ნერვულ დაბოლოებებს (ამიტომაც გვტკივა დამწვარი ადგილი), პატარა სისხლძარღვებს, თმის ფოლიკულებს, საოფლე ჯირკვლებს. სერიოზული დამწვრობის შემთხვევაში შესაძლოა, ძვლები და კუნთებიც კი დაზიანდეს.

ფოტო: Tenor

ცოტა რამ "ცივი ალების" შესახებ

ცივი ალის წვაშიც სწორედ ზემოთ მოყვანილი მექანიზმია ჩართული — საწვავად გამოყენებული ნახშირწყალბადები წვას იწყებს, როდესაც ჟანგბადიან არეში მოუკიდებენ ცეცხლს. გასათვალისწინებელია, რომ სახელმა არ უნდა შეგაცდინოთ — იგი მთლად ცივი არ არის და "ცივი ალი" იმიტომ ეწოდება, რომ მისი ტემპერატურა ჩვეულებრივ ალთან შედარებით საკმაოდ დაბალია — საშუალოდ, გაზქურაზე ალის ტემპერატურა 1700 გრადუს ცელსიუსს აღწევს, ცივი ალისა კი 400-600 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს.

ამის მიზეზი მარტივია: მაშინ, როცა ჩვეულებრივ ალში მოლეკულები პატარა ფრაგმენტებად იშლება და ჟანგბადთან შერწყმით ნახშირორჟანგს წარმოქმნის (ანუ იწვის), ცივ ალში ნაწილაკები შედარებით დიდია და ერთმანეთს ხელახლა მარტივად უერთდება. შესაბამისად, ბევრად ნაკლები სითბო, სინათლე და CO2 გამოიყოფა. აღსანიშნავია ისიც, რომ ცივ ალებს ხშირად არ ვაწყდებით და მათი დაკვირვება რთულია.

ცეცხლი, რომელიც წვავს, მაგრამ მე არ დამწვა

ჩვეულებრივ, ეს ცეცხლი წვავს (ამას ისიც ადასტურებს, რომ აგიზგიზებული ალისაგან სახეზე სიმხურვალე ვიგრძენი), თუმცა უზარმაზარი ალის ხელში დაჭერა დამწვრობის მიღების გარეშე შევძელი (შეგიძლია, ამის ამსახველი კადრები თუ სხვა ქიმიური ექსპერიმენტები ჩვენს TikTok არხზე იხილო). მექანიზმი მარტივია: ხელი არ დამეწვა, რადგან ექსპერიმენტის ფარგლებში იგი წყლით კარგად დავისველე. საწვავი ხელზე ბუშტუკების სახით მედო.

ფოტო: Next.On.ge

ინსტრუქცია, რომელიც სასურველია, სახლის პირობებში არ გაიმეოროთ:

  • აიღეთ წყლიანი ჯამი
  • წყალს თხევადი საპონი/ჭურჭლის სარეცხი ჟელე გაურიეთ
  • აიღეთ ბუტანის (ნახშირწყალბადი, რომელიც სანთებელებში გამოიყენება საწვავად) სპეციალური პატარა ბალონი და აირი წყალში ჩაუშვით

შედეგად საწვავი საპნის ბუშტუკებში მოექცევა, ისინი კი წყლის ზედაპირზე გამოჩნდება. სველ ხელზე დადებისა და ცეცხლის მოკიდების შემდეგ ცეცხლი აგიზგიზდება, დაწვისაგან კი სწორედაც რომ ხელის სისველე დაგიცავთ — წარმოქმნილი ალი ისევე წვავს კანს, როგორც ცეცხლი სხვა ჩვეულებრივ შემთხვევებში.

გაითვალისწინეთ, რომ დანთებამდე ხელი სხეულისაგან (განსაკუთრებით სახისა და თმისგან) მოშორებით უნდა დაიჭიროთ. საგულისხმოა ისიც, რომ, რაც დიდია ბუშტუკები, მით მასშტაბურია ალიც, ამიტომაც, უმჯობესია, ამ საკითხსაც სიფრთხილით მოეკიდოთ. ალი მაშინვე ან ხელის შეკუმშვის შემთხვევაში ჩაქრება.

ალკოჰოლის შემცველი ნივთიერების წვა

თავიდანვე უნდა გაითვალისწინო, რომ ცდა უსაფრთხო არ არის:

ჩაყავი ხელები ალკოჰოლის შემცველ ხსნარში და დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში დაიცადე. მართალია, ნებისმიერი სპირტი აალებადია, თუმცა მისთვის წყლის შერევა და ხელების ხსნარში დასველება ცეცხლისაგან იცავს, როდესაც ალკოჰოლის ორთქლი იწვის. იმისათვის, რომ ალი თანაბარზომიერად დაიწვას, ხელი ხსნარში მთლიანად უნდა ჩაუშვა. რაც დიდხანს გააჩერებ მას სითხეში, მით უფრო მეტ წყალს შეიწოვს კანი და დამწვრობისაგანაც უფრო დაცული იქნები.

შემდეგი, ჩემთვის ყველაზე საშიში, ნაბიჯი სველი ხელისათვის ცეცხლის წაკიდებაა — ამ დროს ალი სწრაფად აგიზგიზდება, თუმცა კანს არ დააზიანებს. ხელი მანამ არ დაგეწვება, სანამ იგი ხსნარში კარგად იქნება დასველებული, ალის ჩაქრობას კი ხელის შეკუმშვითვე შეძლებ. დასრულების შემდეგ ხელები უნდა დაიბანო და ალკოჰოლის კვალი მოიშორო.

გამომდინარე იქიდან, რომ ალკოჰოლს ხელის ანტიბაქტერიული გელიც შეიცავს, ისიც აალებადია და ექსპერიმენტის კუთხით ასევე შეიძლება გამოვიყენოთ. ამ უკანასკნელზე ცდა თავადაც ჩავატარე და არ დამწვა, თუმცა მეორე (და მესამე) ჯერზე ოდნავ მტკივნეულად ჩაიარა, ამიტომ სახლში ცდას მაინც არ გირჩევდი — სარისკოა.

საბოლოოდ, ალბათ, დამეთანხმები, რომ, რაც ღრმად ვიხედებით მეცნიერების უჩვეულო სამყაროში, მით უფრო ნაკლები რამ გვეჩვენება სასწაულად და პირიქით. შესაბამისად, დიახ, მართლაც არსებობს ცეცხლი, რომელთან შეხებაც არ გვწვავს, სტატიისა და მოცემული ინსტრუქციების მიზანი კი მხოლოდ და მხოლოდ შემეცნება იყო — კარგი იქნება, თუკი ცნობისმოყვარეობის გამო თავს საფრთხეში არ ჩაიგდებ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.