ალბათ, ბუნებაში არაერთი ლამაზი კრისტალი გინახავთ — გაგახარებთ და გეტყვით, რომ მსგავსის გაკეთება სახლის პირობებში თავადაც შეგიძლიათ, თანაც სწრაფად და მარტივად. ამისათვის მხოლოდ გაზქურა, ჭურჭელი და შესაბამისი მასალა დაგჭირდებათ.

სტატიაში ჯერ თავად ბისმუთის შესახებ მოგიყვებით, შემდეგ კი მისი კრისტალების დამზადებას გასწავლით.

რა არის ბისმუთი?

ბისმუთი მეტალია, რომელიც გარემოში ბუნებრივად გვხვდება და არაერთი მნიშვნელოვანი თავისებურებით გამოირჩევა. იგი სითბოს ნაკლებად ატარებს, მისი დნობის ტემპერატურა კი მხოლოდ და მხოლოდ 271.5°C-ია — ზემოხსენებულის გადნობა სამზარეულოშიც თავისუფლად შეიძლება.

ფოტო: Flickr

ბისმუთი ანტიკური ხანიდანაა ცნობილი, რადიოაქტივობის აღმოჩენის შემდეგ კი იგი ყველაზე მძიმე არა-რადიოაქტიურ (სტაბილურ) ელემენტად ცნეს. მიუხედავად ამისა, 2003 წელს აღმოჩნდა, რომ მეტალი სულ მცირედით მაინც გახლავთ რადიოაქტიური — სულ მცირედით, რადგან მისი ნახევრად დაშლის პერიოდი იმაზე მილიარდჯერ მეტია, ვიდრე თავად სამყაროს ასაკი.

შესაბამისად, თუკი უკვდავი არ ხართ, ბისმუთის გამოყენება სრულებით უსაფრთხოა — იმდენად უსაფრთხოც კი, რომ, დიდი ალბათობით, უმრავლესობას იგი მედიკამენტის სახითაც მიგვიღია.

რაში გამოიყენება ბისმუთი?

ბისმუთი ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ნაერთის, სახელად ბისმუთის სუბსალიცილატის, სახით გამოიყენება. იგი აქტიური ინგრედიენტია პრეპარატების: პეპტო-ბისმოლი და კაოპექტატი. ეს უკანასკნელები გულძმარვის, მომნელებელი ფუნქციის დაქვეითების, ასევე გულისრევისა და დიარეის წინააღმდეგ გამოიყენება. მის ნაერთებს მედიცინაში სხვა მიზნებითაც ხმარობენ, თუმცა, ამას გარდა, ბისმუთს შენადნობებშიც იყენებენ ტყვიის ნაცვლად, რადგან სიმკვრივით ეს ორი ერთმანეთს ძალიან წააგავს.

ყველაფერთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ ბისმუთის ოქსიდები სხვადასხვაფრად ლივლივებს და ფერების სპექტრში გადამტყდარ სინათლეს ირეკლავს.

როგორ დავამზადოთ ბისმუთის კრისტალები სახლის პირობებში?

კრისტალების დამზადების პროცესი საკმაოდ მარტივია. ამისათვის ბისმუთის ზოდის შეძენა დაგჭირდებათ. მას ქვაბში (რომელიც არ გენანებათ) დაადნობთ, პროცესის მიმდინარეობისას კი ტყავის ხელთათმანები და დამცავი სათვალე უნდა გეკეთოთ. საგულისხმოა, რომ, რაც უფრო ღრმა და ვიწრო იქნება ჭურჭელი, მით უკეთეს შედეგს მიიღებთ, რადგან გამდნარ მეტალს ჰაერი ნაკლებად მოხვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ჰაერში არსებული ჟანგბადი მას დაჟანგავს და გამოუსადეგარს გახდის.

მას შემდეგ, რაც ბისმუთი სრულად გათხევადდება, შეგიძლიათ, გაზქურა გამორთოთ. ამის შემდეგ დალოდება მოგიწევთ: სითხის ზედაპირი დიდი ნატეხების სახით გამყარებას დაიწყებს. ნატეხების ქვეშ კრისტალი ფორმირდება, ხოლო როდესაც იგრძნობთ, რომ უკვე დრო მოვიდა, შეგიძლიათ, ერთ-ერთი ნატეხი პინცეტით აიღოთ — ამ დროს დაინახავთ, რომ ვერცხლისფერი ზედაპირი ჟანგვის შედეგად ფერადდება. შეგიძლიათ, მეტი შემოქმედებითობისათვის ყალიბებიც გამოიყენოთ და ბისმუთის ფერად კრისტალებს სხვადასხვა ფორმა მისცეთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.