რუსტამოვი ცენტრალურ ბანკს 27 წელი ხელმძღვანელობდა, სანამ 12 აპრილს გაათავისუფლებდნენ.

მისი შემცვლელი, 38 წლის ტალეჰ კაზიმოვი მანამდე პაშა ბანკის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი იყო. ხშირად განიხილება, რომ ბანკი მმართველი პარტიის ოჯახთან არის კავშირში. ორგანიზებული დანაშაულებისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) თანახმად, ფაშა ბანკი ეკუთვნის აზერბაიჯანის პირველი ლედისა და ვიცე-პრეზიდენტის, მეჰრიბან ალიევას ნათესავებს.

ოთხშაბათს რუსტამოვი პრემიერმინისტრის, ალი ასადოვის მრჩევლად დაინიშნა.

რუსტამოვი ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას 1995 წლიდან ზედამხედველობდა, რა დროის განმავლობაშიც ცენტრალური ბანკი ინარჩუნებდა მანათის ღირებულებას დოლართან მიმართებაში და ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებულ ვალუტას მათი ვალუტის გასაძლიერებლად იყენებდა.

ყველაზე სადავო მომენტი, სავარაუდოდ, 2015 წელს მანათის დევალვაცია იყო, როცა ვალუტის ღირებულება თითქმის განახევრდა. ამან პროტესტი და ცენტრალური ბანკის მიმართ დიდი კრიტიკა გამოიწვია.

2017 წელს ცენტრალურმა ბანკმა ისევ მოახერხა მანათის ღირებულების დოლართან მიმართებაში გამყარება.

დამოუკიდებელი ეკონომისტი ბაქოდან, ფარიდნ მეჰრალიზადე OC Media-ს ეუბნება, რომ ცენტრალური ბანკი არ ყოფილა დევალვაციაზე პასუხისმგებელი.

დევალვაციას ის "არასანავთობო სექტორის განვითარების ნაკლებობას" აბრალებს და აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება მიღებული იქნა გლობალური ფასის ვარდნის შედეგად, ნავთობის შემოსავლის შემცირების გამო.

რუსტამოვის მუშაობის შეფასებისას, მეჰრალიზადემ თქვა, რომ მას შეეძლო, უფრო კომუნიკაბელური ყოფილიყო, მათ შორის, საზოგადოებისთვის ღიად ეცნობებინა მანათის უეცარი გაუფასურების შესახებ.

მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.