ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მოციგურავეებს შორის მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს კარინა საფინა და ლუკა ბერულავა წარმოადგენდნენ. წყვილი საერთო ქულების მიხედვით პირველ ადგილზე გავიდა და საქართველოს ისტორიული გამარჯვებაც მოუტანა.

კარინა საფინამ და ლუკა ბერულავამ ჯამში 188,12 ქულა დააგროვეს და ოქროს მედალი მოიპოვეს. ქართველი წყვილი დიდი უპირატესობით უსწრებდა კონკურენტებს, რადგან მე-2 ადგილზე გასულ ავსტრალიელებს 169.91 ქულა ჰქონდათ, ხოლო მე-3 ადგილზე გასულმა კანადელებმა 156, 80 ქულა დააგროვეს.

მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ეს საქართველოსთვის საუკეთესო შედეგია. გარდა ამისა, ლუკა ბერულავამ და კარინა საფინამ ზამთრის ოლიმპიადაზე მე-9 ადგილი დაიკავეს, რაც საქართველოსთვის ამ ეტაპზე ასევე ყველაზე მაღალი შედეგია. ევროპის ჩემპიონატსა და მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ქართველმა წყვილმა მე-4 ადგილი დაიკავა და ეს საქართველოსთვის საუკეთესო შედეგებია.

ქართველ მოციგურავეებს ოქროს მედლები უკვე გადაეცათ, ხოლო მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდა.