კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის აცხადებს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სურვილი, მოსამართლეებთან დაკავშირებული თემების გაშუქების განსაკუთრებული რეგულირების თაობაზე, საფრთხის შემცველია გამოხატვის თავისუფლებისათვის.

კოალიციის განცხადებით, გასაკვირია საბჭოს მიერ თვითრეგულირების არაეფექტურობაზე საუბარი, რადგან უმაღლესი საბჭოს არც ერთ წევრს განცხადებაში მოყვანილ ე.წ. გამოხატვის თავისუფლების გადაცომაზე" თვითრეგულირების არც ერთი ინსტიტუციისთვის - არც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის და არც მაუწყებლების თვითრეგულირების საბჭოებისთვის, დადგენილი წესით არ მიუმართავს:

"იუსტიციის უმაღლესი საბჭო ითხოვს ისეთი გამონათქვამების რეგულირებას რაც თავისი არსით წარმოადგენს აზრს და არა ფაქტს (მაგალითად "მანქურთი"). აზრი დაცულია გამოხატვის თავისუფლებით და სასამართლოს ავტორიტეტის დაცვა არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს სასამართლოს მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირისათვის საკუთარი მოსაზრების ამ ფორმით გამოხატვის შესაზღუდად."

კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საჯარო განცხადების საფუძველზე რაიმე ტიპის საკანონმდებლო ინიციტივის შემუშავებას ან/და მის მხარდაჭერას.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან:

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო
  • საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია
  • არასამთავრობო ორგანიზაცია - სამოქალაქო საზოგადოებისათვის
  • ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაცია
  • მედიის მხარდაჭერის ფონდი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 26 აპრილს საჯარო განცხადება გაავრცელა. უწყება დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლეთა მიმართ იმ კრიტიკულ გამონათქვამებს, რაც ბოლო პერიოდში, მათ მიმართ, რუსთავი 2-ის ეთერით ჟღერდებოდა. ამავე წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ეთიკური პრინციპების დარღვევის გამო, ეთიკის ქარტია არ ითვალისწინებს ჟურნალისტისთვის სანქციის დაწესებას.