"რა ჯანდაბას ვაკეთებთ ისევ?" — კითხულობს ქლოი კარდაშიანი თავისი ოჯახის ახალ რეალითი შოუს პირველ სერიაში, რომლის პრემიერაც 14 აპრილს შედგა. ეს კითხვა ალბათ ბევრს გაუჩნდა მას შემდეგ, რაც გასულ წელს კარდაშიანების 14-წლიან წარმატებულ შოუს დავემშვიდობეთ, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში გავიგეთ, რომ პოპკულტურის ყველაზე ცნობილი ოჯახი ახალი გადაცემით ბრუნდებოდა. თუმცა, ფაქტს გვერდს ვერ ავუვლით — ახალ რეალითი შოუს, რომლის კონტრაქტიც Hulu-ს გავრცელებული ცნობით უპრეცედენტოდ მაღალი თანხა, $100 მილიონი დაუჯდა, მსოფლიოში უამრავი მაყურებელი ელოდებოდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კარდაშიან-ჯენერების ოჯახის ყოველდღიური ცხოვრებისადმი მაყურებლის ინტერესი არ ცხრება.

სტატია შეიცავს სპოილერებს The Kardashians-ის პირველი ეპიზოდიდან.

და მაინც — რითი იყო ახალი შოუს პირველი ეპიზოდი გამორჩეული? პირველ რიგში, ალბათ სტილით. კარდაშიანებმა წინათაც აღნიშნეს ინტერვიუში, რომ ამჯერად გადაცემას უფრო დოკუმენტური და სიღრმისეული ფორმა ექნებოდა. ამასთან, 10-თვიანი პაუზის შემდეგ, მონატრებულ ოჯახში იმდენივე დრამა დაგვხვდა, რამდენსაც მოველოდით. უფრო ზუსტად კი, გავიგეთ, რომ...

1. კიმისა და პიტ დევიდსონის ურთიერთობა SNL-მდე დაწყებულა

ფოტო: Giphy

კიმ კარდაშიანი ახალ რეალითი შოუშიც დრამების ცენტრში მოგვევლინა. მის ცხოვრებაში გასული წელი ბევრი ამბით იყო დატვირთული, ამიტომ, ფანებს განსაკუთრებულად აინტერესებდათ, რა ხდებოდა ტელევარსკვლავის ცხოვრებაში; ამასობაში იგი კანიე ვესტს გაშორდა, ჩააბარა იურისტის გამოცდა, უმასპინძლა პოპულარულ სატელევიზიო გადაცემა SNL-ს და დაიწყო ურთიერთობა კომიკოს პიტ დევიდსონთან.

როცა შარშან კიმისა და კანიეს დაშორებაზე გავიგეთ, კარდაშიანების წინა შოუ უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, შესაბამისად, საქმის პერიპეტიების შესახებ ბევრი აღარაფერი შეგვიტყვია. რამდენიმე თვეში კიმი SNL-ის (Saturday Night Live) წამყვანად მოგვევლინა, რაშიც კვლავაც კრის ჯენერის ხელი ერია. თუმცა, კიმის თქმით, იგი მაინც ძალიან ნერვიულობდა. როცა ეს Met Gala-ზე პიტ დევიდსონს გაუმხილა, ამ უკანასკნელმა დაამშვიდა და გაამხნევა. პიტი მოგვიანებით კიმთან ერთად SNL-ის ერთ-ერთ სკეტჩშიც გამოჩნდა, გადაცემიდან მალევე კი გავიგეთ, რომ წყვილს რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა.

2. კანიე კიმის პერსონალური სტილისტობის გამო ყველაფრის დათმობისთვის იყო მზად

ფოტო: Giph

რაც უნდა გასაკვირი იყოს, კანიეს კიმის პერსონალური სტილისტობა სურდა და თანაც იმდენად, რომ მზად იყო, ყველაფერზე უარი ეთქვა — თავის კარიერაზეც და სიმღერაზეც. ეს თავად კიმმა გაამხილა რეალითი შოუს პირველ სერიაში, თავის დებთან საუბრისას.

სხვათა შორის, კიმსაც უნდოდა, კანიეს SNL-ის ეპიზოდში მიეღო მონაწილეობა და ემღერა. თუმცა, მოგვიანებით, გადაიფიქრა, რადგან სურდა, ეს დამოუკიდებლად გაეკეთებინა.

"ის, რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ ეს ალბათ ჩემი შანსია, რომ რაღაც დამოუკიდებლად გავაკეთო", — ეუბნება კიმი თავის სტილისტს, — "არ ვიცი, შეიძლება ამან დამამშვიდოს კიდეც. ბავშვებსაც გაახარებდა დედისა და მამის ერთად ნახვა SNL-ში".

ამის მიუხედავად, გასათვალისწინებელია, რომ კარდაშიანების ახალი შოუს პირველი სერია ჯერ კიდევ გასულ წელს ჩაიწერა — სანამ კიმი SNL-ს უმასპინძლებდა და კანიესთან გაშორების პროცესს დაასრულებდა. მას შემდეგ წყვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა — კანიემ კიმის ახალი შეყვარებულის, პიტ დევიდსონის, მიმართ თავისი ფანები მტრულად განაწყო და მოუწოდა, რომ სადაც პიტს დაინახავდნენ, მისთვის ეყვირათ. ამასთან, რეპერმა გაასაჯაროვა პირადი მიმოწერებიც. ამის გათვალისწინებით, ფანების დიდი ნაწილი მაშინ ფიქრობდა, რომ კანიე თავის ყოფილ ცოლს ავიწროებს.

3. კიმი თავის პირად ცხოვრებაში სხვების შეჭრას შეუპოვრად დახვდა

ფოტო: Giphy

ახალი შოუს პირველ სერიაში კიმმა თავის სახლში ერთგვარი წვეულება მოაწყო, სადაც მთელი ოჯახი შეიკრიბა (რა თქმა უნდა, კენდალის გარდა). ერთ მომენტში კიმის 6 წლის შვილმა, სეინტმა, დედასთან მიირბინა და თავის პლანშეტში გამოჩენილი გამოსახულება ანახა. როგორც ჩანს, სეინტმა თამაშისას დედამისის ფოტოს მოჰკრა თვალი, რომელიც ვირუსული ლინკი იყო და ინტერნეტმომხმარებელს კიმ კარდაშიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი ვიდეოჩანაწერების ნახვას სთავაზობდა. ამ ამბავმა კიმი შეაშფოთა — ჩემი შვილი რომ ოდნავ უფროსი ყოფილიყო და კითხვა სცოდნოდა, სირცხვილით მოვკვდებოდიო.

კიმის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერები რამდენიმე წლის წინ, კარდაშიანების პირველი შოუს დაწყებამდე გასაჯაროვდა. მომავალი ტელევარსკვლავი ამ ამბავს მაშინ მოუმზადებელი შეხვდა, თუმცა, ამჯერად ყველაფერი შეიცვალა — თავის ადვოკატებთან კონსულტაციით კიმმა შეტევაზე გადასვლა გადაწყვიტა.

"ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით ვუჩივლებ. ეს განაცხადი უფროა, ვიდრე დოლარების მოთხოვნა", — ეუბნება კიმი ადვოკატს, — "ამ ამბავზე კონტროლს მოვიპოვებთ. დროც მაქვს, ფულიც და ყველა რესურსიც, რომ ყველა მათგანი გავანადგურო".

კიმის ასეთმა დამოკიდებულებამ ფანები აღაფრთოვანა და ტელევარსკვლავი შეუპოვრობისთვის შეაქეს.

4. კორტნიმ ტრევის ბარკერთან ურთიერთობის დასაწყებად პირველი ნაბიჯი გადადგა

ფოტო: Gip

კიმის გარდა, ახალი ურთიერთობა დაიწყო მისმა უფროსმა დამ, კორტნიმაც. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ეს უკანასკნელი ამერიკელ მუსიკოსს, ტრევის ბარკერს, ხვდება. ცოტა ხნის წინ კი მათ იქორწინეს კიდეც.

კორტნი და ტრევისი ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ და წლების განმავლობაში ახლო მეგობრები იყვნენ. ამიტომ, კრისის თქმით, არავინ მოელოდა, რომ ოდესმე მათ წყვილად იხილავდნენ. აი, ქლოი კი ზუსტად მიხვდა, რომ თავისი და ბარკერთან ურთიერთობას დაიწყებდა.

როგორც ახალი შოუს პირველ სერიაში კორტნი იხსენებს, მას ყველა ამისკენ მოუწოდებდა. ამასთან, სწორედ მან გადადგა ურთიერთობისკენ პირველი ნაბიჯი. მისი გარშემომყოფები და ფანები კი ერთხმად თანხმდებიან, რომ კორტნი ასეთი ბედნიერი არავისთან ყოფილა. აი, ტრევისი კი, სერიის შემდგომი პირველი შთაბეჭდილებით თუ ვიმსჯელებთ, მართლაც ძალიან მზრუნველი და მეგობრული პარტნიორი ჩანს. ასევე, მომდევნო სერიის ანონსიდან გავიგეთ, რომ კარდაშიანი და ბარკერი საერთო შვილზეც ფიქრობენ.

ეპიზოდში არც სკოტ დისიკი გამოუტოვებიათ — მიუხედავად იმისა, რომ კორტნის ყოფილი ქმარი კიმმა თავის წვეულებაზე არ მიიწვია, მას ქლოი პირადად ეწვია. ქლოისთან საუბარში სკოტმა აღნიშნა, რომ "სხვა ოჯახი არ ჰყავს" და უნდა, იგი "მიიღონ". ამაზე კი კორტნის თავისი პასუხი აქვს — "თუ სკოტს უნდა, რომ ოჯახის წევრი იყო, შესაბამისად უნდა იქცეოდეს".

საქმე ეხება გასულ წელს მომხდარ ამბავს, როცა დისიკმა თავისი ყოფილი ცოლის იტალიაში დასვენების ფოტოს განხილვა კორტნის ყოფილ პარტნიორთან, იუნეს ბენდჯიმასთან, გადაწყვიტა. იუნესმა პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა, სადაც სკოტი მას ეკითხება, ეს გოგო ნორმალური თუ არისო.

"მოდით, ნუ შევიძულებთ გოგოს, რომელიც, როგორც იქნა, მიხვდა, რას იმსახურებს", — აცხადებს კორტნი ახალ შოუში.

5. ქლოი ტრისტან თომპსონს ერთგვარ წყვილების თერაპიაზე დაჰყვებოდა

ფოტო: Giphy

ქლოის ახალი ურთიერთობა არ დაუწყია, თუმცა, ამას ალბათ გასაგები მიზეზები აქვს — ყოფილ ქმარს და თავისი შვილის მამას, ტრისტან თომსპონს, იგი ღალატის გახმაურების შემდეგ დაშორდა. როგორც ახლა ქლოი ამბობს, ისინი ცდილობენ, 4 წლის თრუს ღირსეული მშობლობა ერთად გაუწიონ. თუმცა, ახალი შოუდან ისიც შევიტყვეთ, რომ ტრისტანი ურთიერთობის აღდგენას ცდილობს, რისთვისაც თერაპიაზეც კი დადის.

"ის თერაპიაზე დადის ხშირად, კვირაში რამდენჯერმე", — ამბობს ქლოი, — "და ახლა უკვე ერთადაც დავდივართ წყვილების თერაპიაზე. წყვილებს კი ვამბობ, მაგრამ ეს, უბრალოდ, მისი თერაპიაა, რომელზე დასწრებაც მთხოვა".

ტელევარსკვლავი ტრისტანთან საუბარში დასძენს, რომ დრო სჭირდება, რათა მისდამი ნდობა აღუდგეს.

ბონუსი: კრისი ისევ ეშმაკზე მეტად ირჯება

ფოტო: Giphy

დაბოლოს კრის ჯენერი — როგორც წესი, კორტნის, კიმისა და ქლოის ცხოვრებაში არსებული დრამები დების დედას, კრისს, ჩრდილში აქცევს ხოლმე, თუმცა, ალბათ ყველა თანხმდება, რომ კარდაშიანების ოჯახის წარმატება სწორედ კრის ჯენერისა და მისი მენეჯერული უნარების დამსახურებაა. კრისი თავისი ექვსივე შვილის პერსონალური მენეჯერია და კარდაშიან-ჯენერების ყველა ბრენდის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული. ამდენად, თითოეული ამ ბრენდიდან იგი შემოსავლის 10 პროცენტს იღებს.

66 წლის ასაკში 6 შვილის დედობა, 11 შვილიშვილის ბებიობა და ათზე მეტი ბრენდის ხელმძღვანელობა ადვილი სულაც არაა. მით უმეტეს, რომ ყველა ბრენდი ერთიმეორეზე წარმატებულია, კარდაშიანების ყოველი ახალი პროექტი კი — წინაზე პოპულარული. როგორც ჩანს, ამასაც თავისი მიზეზები აქვს — ახალი შოუს პირველ ეპიზოდში კრისი ამბობს, რომ დღეს დილის 4 საათზე იწყებს, 7 საათს კი უკვე სადილობის დროს უწოდებს.

ამიტომ, ინტერნეტში ხუმრობაც კი არსებობს: "ეშმაკი ძალიან ირჯება, მაგრამ კრის ჯენერი — უფრო მეტად". მგონი, ამაზეც ყველა ვთანხმდებით.