მსოფლიოს ვერცერთი სამზარეულო ვერ აუვლის გვერდს სოუსებს, რაც კერძს განუმეორებელ პიკანტურ გემოს სძენს და ხშირად ამა თუ იმ ქვეყნის კულინარიის სავიზიტო ბარათიც ხდება. მაგალითად, დღეს წარმოუდგენელია იტალიური კერძები ამ ქვეყნის საფირმო სოუსების — ბოლონეზისა და ბეშამელის გარეშე, ან ამერიკული ბურგერი ბარბექიუს სოუსის გარეშე. თუმცა, დღეს იმ სოუსების შესახებ მოგიყვებით, რომელიც განსაკუთრებით დაფასებულია აზიურ, კერძოდ კი — იაპონურ სამზარეულოში... და ეს მხოლოდ სოიოს სოუსი არ არის.

იაპონურ სამზარეულოში სოუსების ისეთი მრავალფეროვნებაა, რომელსაც მსოფლიოს ვერცერთ სხვა ქვეყანაში ვერ ნახავთ. ყველა სალათაში ერთი და იმავე მაიონეზის ან კეტჩუპის გამოყენება — ეს იაპონელებისთვის დაუშვებელია. თუნდაც მხოლოდ ქათმის ხორცისთვის მათ, სულ ცოტა, 4 სახეობის სოუსი აქვთ, რის მომზადებას ზოგჯერ რამდენიმე დღეც კი სჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ თუ რამდენად მრავალფეროვანია სუშის სოუსები.

იაპონური სამზარეულოს ფორმირებასა და იაპონელების გემოების შეხამებაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია ბუდიზმმა, რაც, რასაკვირველია, სოუსებშიც გამოიხატება, იხილეთ სტატია: იაპონური სამზარეულო და ბუდიზმის გავლენა.

სოიოს სოუსი

სოიოს სოუსის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ შეუძლებელია, რომ ყველაზე ცნობილი იაპონური სოუსი ამ ჩამონათვალში არ ვახსენოთ.

სოიოს სოუსი იაპონური სოუსების 80%-ის მთავარი ინგრედიენტია. გარდა იმისა, რომ მის გარეშე წარმოუდგენელია სუში და როლი, მას ასევე იყენებენ ხორცის მარინადისთვის, სალათების შესაკაზმად, წვნიანების მოსამზადებლად... პრაქტიკულად, ნებისმიერი იაპონური კერძისთვის.

ტერიაკის სოუსი

ტერიაკი №2 იაპონური სოუსია, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ტერიაკის სოუსი, როგორც წესი, ქათმის ხორცთან გამოიყენება, ასევე მისი გემო ძალიან უხდება საქონლის ან ძროხის შემწვარ ხორცს. გარდა ამისა, ტერიაკის სოუსი საუკეთესოა ტრადიციული იაპონური ბოსტნეულის რაგუს შესაზავებლად.

ტკბილ-ცხარე სოუსი ტერიაკი მზადდება სოიოს სოუსით, რომელშიც ურევენ შაქარს, თაფლს და იაპონურ, ტკბილ ბრინჯის ღვინო მირინის (რომელსაც ზოგჯერ ღვინის ძმრითაც ანაცვლებენ). შემდეგ სოუსში ამატებენ გამომშრალ ნიორს, ჯანჯაფილს (კოჭა) და ხარშავენ 15-20 წუთის განმავლობაში.

დღეს ტერიაკის სოუსი შეგიძლიათ სუპერმარკეტში გამზადებული შეიძინოთ და მის მომზადებაზე დრო აღარ დახარჯოთ.

ვასაბის სოუსი

ვასაბი სუშისა და როლის სოუსია, რომელსაც მწვანე შეფერილობა და ცხარე გემო აქვს. ის ასევე იაპონური კულინარიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოუსია. მართალია, ვასაბი ეს ჩვეულებრივი პირშუშხაა (რომელიც, სხვათაშორის, ლიმონზე 6-ჯერ მეტ C ვიტამინს შეიცავს), რომლის გამომშრალი ფესვები ხორცსაკეპ მანქანაში უნდა გაატაროთ ან წვრილ სახეხზე გახეხოთ, დაამატოთ მარილი, ცოტა შაქარი, ძმარი გემოვნებით და სოუსი პასტის კონსისტენციამდე დაიყვანოთ, მაგრამ მსოფლიოში მილიონობით გურმანისთვის იაპონური სამაზრეულო, კერძოდ კი, სუში და როლი ვასაბის გარეშე წარმოუდგენელია.

უნაგის სოუსი

ვისაც უყვარს გველთევზას როლი, მან უნაგის სოუსის გემოც შესანიშნავად იცის. ტერიაკის სოუსისგან განსხვავებით, უნაგის სოუსი მხოლოდ თევზისთვის კეთდება. ამას მარტივი ახსნა აქვს: უნაგის სოუსში აუცილებლად უმატებენ თევზის ბულიონს, რის გამოც სოუსს თევზის მსუბუქი გემო დაკრავს. უნაგის დანარჩენი ინგრედიენტები კი იგივეა, რაც ტერიაკის სოუსის: სოიოს სოუსი, თაფლი, შაქარი, ღვინო, სუნელები. და კიდევ ერთი განსხვავება — უნაგი, დაახლოებით, 2 საათი იხარშება, რის შედეგადაც მას უფრო სქელი კონსისტენცია და გაჯერებული გემო აქვს.

უნაგის სოუსით ყველაზე პოპულარული კერძებია — გველთევზასა და სიბასის როლები. ზოგადად კი, უნაგის სოუსთან შესანიშნავია ნებისმიერი თეთრი თევზის როლი.

ხამანწკების სოუსი

ეს კიდევ ერთი იაპონური სოუსია, რომელმაც მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა. ეს სქელი კონსისტენციის, მუქი-ყავისფერი, მარილიანი სოუსი იდეალურად შეეხამება სალათებს, ზღვის პროდუქტებს, ღორისა და საქონლის ხორცს. ხამანწკების სოუსს თევზთან და ქათმის ხორცთან არ იყენებენ. მას იაპონიაში შემწვარ ბრინჯთან ბოსტნეულით ან ლაფშასთან ერთად მიირთმევენ.

ხამანწკების სოუსის ინგრედიენტებია: ხამანწკების ბულიონის კონცენტრატი (სპეციალურად მშრალად დაწნეხილი ნარევი, რომლისგანაც შეიძლება საჭმლის ადვილად მომზადება), წყალი და მარილი. ვიდრე ხამანწკების სოუსი ასეთ პოპულარობას შეიძენდა, მას ხამანწკების ცოცხალი ბულიონით ამზადებდნენ, თუმცა შემდეგ ამ პროდუქტის ფასი გაიზარდა და სოუსის რეცეპტიც შეიცვალა — მის მოსამზადებლად აკონცენტრირებული ესენციის გამოყენება დაიწყეს. უნდა აღნიშნოს, რომ ამას ოდნავადაც არ შეუმცირებია სოუსის პოპულარობა.

კიმჩის სოუსი

კიმჩის სოუსი აუცილებლად მოგეწონებათ, თუკი ცხარე კერძები გიყვართ. კიმჩი — ეს თითქმის ტომატ-პასტაა, რომელიც ცხარე გემოთი გამოირჩევა. ამ სოუსის ინგრედიენტებია: რამდენიმე სახეობის წიწაკა, ჯანჯაფილი, ნიორი, ვაშლი და ზოგჯერ მანდარინი.

იაპონელები კიმჩის სოუსს ძირითადად იყენებენ ხორცის დამარინადებისთვის და ასევე იმ კერძებისთვის, რაც ღუმელში უნდა გამოცხვეს.

სხვათაშორის, კიმჩის სოუსი კორეაშიც ძალიან პოპულარულია, თუმცა არა ხორცისთვის, არამედ — კომბოსტოს დასამწნილებლად. მას ასეც ეწოდება — კიმჩის მწნილი, რომლის ინგრედიენტებია: პეკინის კომბოსტო (გემოვნებით განსხვავებული ბოსტნეულის ან კომბოსტოს ოჯახის სხვა სახეობების დამატებაც შეიძლება), დაფქული წითელი წიწაკა, ხახვი, კოჭა, ნიორი.

სპაისი სოუსი

სოუსი სპაისი გურმანებისთვის კარგად არის ნაცნობი. იაპონური კერძების მოყვარულები დაგვეთანხმებიან, რომ სპაისი სოუსის გარეშე ბევრი კერძი განსაკუთრებულ გემოს დაკარგავდა. ის გუნკანის და ზოგიერთი როლის შემადგენლობის შეუცვლელი ინგრედიენტია. მას ასევე იყენებენ ზოგიერთი სალათისა და ცხელი კერძის სანელებლად.

სპაისი სოუსის ასეთი პოპულარობის მთავარი მიზეზი მომზადების სიმარტივეა — ერთმანეთში უნდა აურიოთ სპაისი სოუსი, სოუს-პასტა კიმჩი, იაპონური მაიონეზი და გემოვნებით დაამატოთ ნიორი.

გარდა სოუსებისა, ასევე მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სწორი სასმელი სუშისთვის, იხილეთ სტატია: რომელი სასმელი უხდება სუშისა და როლის.

სოუსები უზომოდ პოპულარულია მთელ მსოფლიოში. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სოუსმა შეიძლება, ერთი მხრივ, გააკეთილშობილოს კერძი და, მეორე მხრივ, მთლიანად დათრგუნოს პროდუქტების გემო. ამიტომ სოუსის გამოყენებისას ოქროს სტანდარტი ზომიერებაა. თუ გსურთ, დააგემოვნოთ კლასიკური იაპონური სოუსები, შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი სეტი მიქსი და გამოიძახოთ ოიში სუში, რომელსაც მოყვება ვასაბის სოუსი, სოიოს სოუსი და ნორის სოუსი.