თანამედროვე მსოფლიოში მეტავერსი ფეხს ნელ-ნელა იკიდებს. ტექნოლოგიური კომპანიების მიერ შექმნილ ციფრულ სამყაროებში მუშაობა, თამაში, გართობა, ვაჭრობა და სხვა აქტივობებია შესაძლებელი, მაგრამ თუ ეს არ გაკმაყოფილებთ, ახალ სტარტაპს Somnium Space თქვენთვის საინტერესო შემოთავაზება აქვს.

ეს კომპანია საშუალებას გაძლევთ, რომ ვირტუალურ რეალობაში უკვდავება მოიპოვოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ციფრული ორეული მათ მეტავერს პლატფორმაზე მუდმივად "იცოცხლებს". ამისთვის მომხმარებელმა სტარტაპს მისი საუბრისა და მოძრაობების ჩაწერის ნებართვა უნდა მისცეს, რათა შემდგომში ავატარს ამ კონკრეტული ინდივიდის მახასიათებლები ჰქონდეს.

ამგვარად, ადამიანები შეძლებენ, რომ დაღუპულ ახლობელთან (ამ შემთხვევაში, მის ციფრულ ვერსიასთან) კომუნიკაცია დაამყარონ. ეს, რა თქმა უნდა, დიდძალ მონაცემებს საჭიროებს, თუმცა Somnium Space პირად ინფორმაციას სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენებს და მას არც გარეშე კომპანიებს გაუზიარებს.

როგორც ცნობილია, ასეთი უკვდავების მოსაპოვებლად მომხმარებლებს თანხის გადახდა მოუწევთ. თუკი ისინი გადაიფიქრებენ, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე მეტავერსში შეინარჩუნონ, მათზე შეგროვებული მონაცემები წაიშლება.

ახალი ფუნქცია პლატფორმაზე მომდევნო წლიდან ჩაეშვება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.