24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და ომი დაწიყო, რომელმაც დღემდე უამრავი ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლე შეიწირა. ცოტა ხნის წინ ოკუპანტებმა დონეცკთან მდებარე პატარა სოფელში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბეს. მათ დასახმარებლად დონეცკის პოლიცია სწრაფად მივიდა.

დაბომბვის ადგილიდან დონეცკის პოლიციამ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ნანგრევების ფონზე მომხდარ ერთ გულისამაჩუყებელ ისტორიას გვიყვება.

"ყველა სიცოცხლე მნიშვნელოვანია", — ასე დაასათაურეს ვიდეო, რომელშიც ვხედავთ, თუ როგორ თხრიან პოლიციელები მიწას ხელით და ნანგრევებიდან ციცქნა შავი ლეკვი ამოჰყავთ, რომელიც მტვრისგან ნაცრისფერი გამხდარა.

ლეკვი 77 წლის პატრონს დაუბრუნეს, რომელიც დაბომბვას გადაურჩა და ყველაფერი დაკარგა. კაცი ერთგულ მეგობარს დაეძებდა, რომლის წკმუტუნი ნანგრევებიდან ისმოდა. პატრონმა დაქანცული ლეკვი მკლავებში მოიქცია და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა.

კაცი და ლეკვი ექიმებმა გასინჯეს და ორივე თავს კარგად გრძნობს. მართალია, უკეთესი დღეებიც უნახავთ, თუმცა მიმდინარე მოვლენების ფონზე მათ ნამდვილად გაუმართლათ იმ უდანაშაულო ადამიანებსა და ცხოველებთან შედარებით, რომლებიც ამ და სხვა დაბომბვას შეეწირნენ.

ამავე თემაზე: