დიდხნიანი ლოდინის შემდეგ ჰარი პოტერის სამყაროს ფილმების ახალი სერიის ჯადოსნური ცხოველების მესამე ნაწილი — დამბლდორის საიდუმლო — გამოვიდა და მისი ნახვა უკვე ქართულ კინოთეატრებშიცაა შესაძლებელი.

14 აპრილს განსაკუთრებით ჯადოსნური იყო ქართული პრემიერა კავეა სითი მოლში: ფილმის ჩვენება უკრაინელი ბავშვებისთვის უფასოდ გაიმართა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მობილიზებით, ჩვენებას დაახლოებით 100-მდე უკრაინელი ბავშვი დაესწრო მშობელთან ერთად.

ფოტო: კავეა

პრემიერისთვის კინოთეატრის სივრცე ნამდვილ ჯადოსნურ სამყაროს დაემსგავსა: "ოლივანდერის" მაღაზიამ უკრაინელ პოტერჰედებს საყვარელი აქსესუარები გადასცა. თბილისის ზოოპარკმა სტუმრებისთვის ჯადოსნური ცხოველების სტენდი მოაწყო, ხოლო "ისქეიფთ ქვესთ რუმმა" სპეციალური მარათონი გამართა. კავეას მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომლის პარტნიორიც კავკასიის უნივერსიტეტია, "მეკო სტუდიოს" აღსაზრდელებმა უკრაინელი სტუმრების პატივსაცემად უკრაინული ნანათი და ჰარი პოტერის საუნდტრეკის შესრულებით დაასრულეს.

ფოტო: კავეა

აღსანიშნავია, რომ როგორც საქართველოს კინოთეატრების წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოში მყოფ უკრაინელებს ამის შემდეგაც ფილმების ნახვა უსასყიდლოდ შეეძლებათ.