უკვე თვეზე მეტია, რაც უკრაინაში რუსეთის დაწყებული ომი გრძელდება. სამხედრო კონფლიქტმა უამრავი მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით უკრაინელი კი ლტოლვილად აქცია. პუტინის აგრესიას გარიდებული ადამიანები არაერთმა ქვეყანამ შეიფარა. სწორედ ამიტომ, უკრაინელებმა გადაწყვიტეს, თავიანთი მასპინძელი ქვეყნებისადმი მადლიერების ნიშნად, ქუჩები, სკვერები, სანაპიროები და პარკები მოეწესრიგებინათ.

ჩეხეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, პოლონეთსა და თურქეთში ასობით უკრაინელმა მოხალისემ გარემოს დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა.

ფოტო: irishrugby2015 / Reddit

ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლებებიც ჩააყენეს საქმის კურსში, თუმცა, მათგან პასუხად მიიღეს, რომ "უკრაინელები ისედაც საკმარისს აკეთებენ". ამიტომ, აქტივობაში უკრაინელების დახმარება ადგილობრივებმაც გადაწყვიტეს.

ფოტო: POGODNE SUWAŁKI / Reddit

"ჩვენს უკრაინელ მეზობლებს ამაოდ ვუხსნიდი, რომ ისედაც მადლიერები ვართ იმისთვის, რასაც მათი კაცები, ქალები, ძმები, დები, მამები და დედები ჩვენთვის აკეთებენ — იბრძვიან ჩვენთვის და ჩვენი თავისუფლებისთვის. თუმცა, ვერაფერს გავხდი", — წერს პრაღის ერთ-ერთი უბნის ხელმძღვანელი, იან ჩიჟინსკი.

ფოტო: POGODNE SUWAŁKI / Reddit

ფოტო: Dobrogea Live / Reddit

"თურქეთის მხრიდან გამოჩენილი სტუმართმოყვარეობის გამო მათი მადლიერები ვართ და სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ამას", — ამბობს ერთ-ერთი უკრაინელი ლტოლვილი, რომელმაც ანტალიის სანაპიროების დასუფთავებაში მიიღო მონაწილეობა.

ფოტო: Renata Chmelová / Reddit

თუმცა, უკრაინელების მსგავსი აქტივობა გასაკვირი სულაც არაა — ისინი საკუთარ ქვეყანაშიც ხშირად იღებენ მონაწილეობას გარემოს დასუფთავებასა და კეთილმოწყობაში. მეტიც, ეს ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გაჩენილი ტრადიციაა, რომელსაც სუბოტნიკი ეწოდება. სახელი "შაბათის" უკრაინული შესატყვისიდან წარმოდგება, ხოლო თავად ტრადიცია უქმეებზე მოხალისეობრივ სამუშაოს შესრულებას გულისხმობს. სსრკ-ის დაშლის შემდეგ ტერმინი პოლონეთში გაქრა და მხოლოდ რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში დარჩა, მათ შორის, უკრაინაში. თუმცა, მას საბჭოთა პროპაგანდისტული სარჩული აღარ აქვს — ეს აქტივობა, უბრალოდ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უყრის თავს, რომელთაც საზოგადოებრივ კეთილდღეობაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ.

ფოტო: Renata Chmelová / Reddit

ფოტო: Let’s do it, Ukraine / Facebook

აღსანიშნავია, რომ უკრაინა ერთ-ერთია იმ ქვეყნებიდან, სადაც გარემოს დამცველი მოძრაობა Let’s Do It World განსაკუთრებულად პოპულარული აღმოჩნდა. ეს ინიციატივა სამთავრობო უწყებებს, ბიზნესებსა და მოხალისეებს აერთიანებს იმ მიზნით, რასაც გარემოს ნარჩენებისგან გათავისუფლება და ბუნების დაცვა ჰქვია.